Accentnews.ge
როდისთვის ვარაუდობს იმნაძე კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოტანას

როდისთვის ვარაუდობს იმნაძე კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოტანას

11/11/2020 16:48:02 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ვარაუდობს, რომ ქვეყანაში ​კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანა 2021 წლის გაზაფხულამდე ვერ მოხერხდება.

“ძალიან დამაიმედებელი შედეგები აქვს გერმანულ-ამერიკული წარმოების ვაქცინას BNT162. გარდა ამისა, , კიდევ რამდენიმე კომპანიის მიერ შექმნილი ვაქცინების კვლევები დასკვნით ეტაპზეა. ალბათ, წლის ბოლოსთვის დაიწყება მათი მასობრივი წარმოება. საქართველო არის მონაწილე იმ გლობალური ფონდისა, რომელიც ანაწილებს ვაქცინებს. სხვა ქვეყნების მსგავსად, ჩვენს ქვეყანასაც თანხა წინასწარ აქვს გადახდილი. ამ ფონდით შესაძლებელი იქნება ვაქცინების მწარმოებელი ქვეყნების გარეთ დისტრიბუცია. ხომ გასაგებია, რომ ჯერ თავიანთი ქვეყნებისთვის ექნებათ და მერე დაიწყება მისი განაწილება მსოფლიოში. უკვე რიგში ვართ. მოდი, ვიყოთ რეალისტები. ალბათ, გაზაფხულამდე არ იქნება”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღეს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძემაც აღნიშნა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ ვაქცინის მისაღებად მოლაპარაკებები უკვე დაიწყო:

"90%-იანი შედეგი დადო გერმანულ-ამერიკული წარმოების ვაქცინამ, უკვე შერაცხეს გმირად ამ ვაქცინის ავტორი ეროვნებით თურქი გერმანიის მოქალაქე და არის ლაპარაკი, რომ წლის ბოლომდე 50 ერთეულს დაამზადებენ და მომავალ წელს მილიარდ 200 000 ერთეულს, რა თქმა უნდა, ამ ვაქცინის იმედი უნდა გვქონდეს. ჩვენთან პირველ ხანებში ეს ვერ იქნება შესაძლებელი, იმიტომ რომ ის ქვეყანა, რომელმაც ეს ვაქცინა გაამზადა, უპირველეს ყოვლისა თავის მოსახლეობას დააკმაყოფილებს. თუმცა ჩვენმა ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები დიპლომატიური და სხვა არხებით (მათ შორის – პირადი არხებით), გვინდა გამოვიყენოთ ჩვენი პარტნიორების კავშირები, ჩვენი ავტორიტეტი, სახელმწიფოს ავტორიტეტი და ცალკეული ლიდერების ავტორიტეტი, რათა საქართველო მოხვდეს იმ ქვეყნების პირველ რიგში, ვინც ასეთ ვაქცინებს მიიღებს".

9 ნოემბერს კომპანიებმა Pfizer-მა და BioNTech–მა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, გერმანულ-ამერიკული წარმოების კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინამ - BNT162-მა 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

მათივე ცნობით, ვაქცინის გამოცდის მესამე - დასკვნით ეტაპზე, კვლევის წინასწარი შედეგების თანახმად, BNT162-მა ​კორონავირუსით ინფიცირებისგან ექსპერიმენტის მონაწილე მოხალისეების 90%-ზე მეტი დაიცვა და ამასთანავე, არც სერიოზული გვერდითი ეფექტები ჰქონია.

ვაქცინის ადამიანებზე გამოცდის მე-3 ეტაპი ამჟამად რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს და მასში 43 000-ზე მეტი მოხალისეა ჩართული.

დასკვნითი ეტაპის მონაცემების შეგროვება ნოემბრის მესამე კვირამდე გაგრძელდება, შემდეგ კი პრეპარატი დასამტკიცებლად მარეგულირებლებს გაეგზავნებათ. სწრაფი ლიცენზირების პირობებში პრეპარატის პირველი დოზები უკვე მიმდინარე წლის ბოლოსთვის შეიძლება, გახდეს ხელმისაწვდომი.

ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 51 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 51 861 437 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 280 549 ადამიანი იმსხვერპლა. 36 428 038 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 66 561 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 49 811 პაციენტი გამოჯანმრთელდა,566 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S