"საქართველომაც რომ გამოაცხადოს „ლოქდაუნი“, იოლად დაძლევს ამ სიტუაციას"
11/11/2020 14:41:26 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ თუ საქართველო „ლოქდაუნს“ გამოაცხადებს, ქვეყანა არსებულ ეპიდვითარებას უფრო იოლად გაუმკლავდება.
მისივე თქმით, „ლოქდაუნის“ არგამოცხადება გამოწვევების და პრობლემების მასშტაბს ზრდის":
„პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ ევროპაში გამოაცხადა სრული ან ნაწილობრივი „ლოქდაუნი“. საქართველომ უარი თქვა განმეორებითი „ლოქდაუნის“ გამოცხადებაზე, ყოველ შემთხვევაში ჯერ–ჯერობით ეს მოცემულობაა. ეს გადაწყვეტილება ქვეყანამ მიიღო მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, რამეთუ მოსახლეობა ძალიან ნეგატიურად იყო განწყობილი შესაძლო „ლოქოდაუნის“ მიმართ. ის აუცილებლად გამოიწვევდა ეკონომიკის პრობლემებს და რეცესიას, რაც აისახებოდა მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, ასევე იყო და გრძელდება საარჩენო პროცესი და მას არ უნდა მიდგომოდა ჩრდილი. ძალიან კარგი, საქართველომ რომ თქვა „ლოქდაუნზე“ უარი და გაითვალისწინა მოსახლეობის სურვილი, მაგრამ ამან გაზარდა გამოწვევების მასშტაბი, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. „ლოქდაუნით“ ეს შედარებით იოლად იქნებოდა. მაგალითად, ბელგიამ, რომელსაც დღეში 27 000 შემთხვევა ჰქონდა, გამოაცხადა „ლოქდაუნი“ და 4000-მდე დაიყვანა შემთხვევები. საქართველომაც რომ გამოაცხადოს „ლოქდაუნი“ უფრო იოლად დაძლევს ამ სიტუაციას, „ლოქდაუნის“ არგამოცხადების პირობებში, ყველას ერთად მოგვიწევს თვალი გავუსწოროთ და გავუმკლავდეთ სერიოზულ გამოწვევებს“.
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში დაავადებამ 45 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 2 911 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 2 421 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 66 561 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 49 811 პაციენტი გამოჯანმრთელდა,566 გარდაიცვალა.


