ცერცვაძე მოსახლეობას აფრთხილებს
11/11/2020 14:46:12 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას აფრთხილებს, რომ რესპირაციული ინფექციის ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე მედიკოსებს მიმართონ.
"სამწუხარო რეალობაა საქართველოში, ახლაც კი, როდესაც ამდენი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევაა და გარდაცვალების რაოდენობამ მოიმატა, მოსახლეობის ძალიან სერიოზულ სეგმენტს არ სჯერა, რომ არსებობს კოვიდ–ინფექცია. მათ ნაწილს მიაჩნია, რომ ეს ვიღაცის გამოგონილია, ან რაღაც მიზნით ხდება ამით მანიპულირება. ვაფრთხილებ, ეს სასიკვდილოა.
კვლავ მივმართავ იმ პაციენტებს, იმ ავადმყოფებს, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც შეგნებულად არ მიმართა ექიმს, ან არ ჰქონია მცდელობა, თუ ჰქონდა მცდელობა და ჯანდაცვა ვერ მოემსახურა, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. თუმცა, როდესაც არ მიმართავს ექიმს მანამ, სანამ უკიდურესად არ დამძიმდება და პირდაპირ სარეანიმაციო არ ხდება, ეს თვითონ მოსახლეობის და პაციენტის პასუხისმგებლობაა. ფაქტია, რომ ასეთი შემთხვევები სავალალოდ მთავრდება.
მივმართავ, ვთხოვ, მოსახლეობას, ყველას, ვისაც ექნება რესპირაციული ინფექციის ნებისმიერი სიმპტომი, ეს იქნება ცხელება, თუ ცხელების გარეშე, ნუ მიმართავენ თვითმკურნალობას, ან ვთქვათ, მეზობლების, ან ნაცნობი ექიმების რჩევით მკურნალობას, ძირითადად, თვითმკურნალობას, დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის სამედიცინო სტრუქტურებს. თუ ისინი ვერ დაუკავშირდებიან 112-ს, თუ ვერ დუკავშირდებიან თავისი ოჯახის ექიმს, არსებობს ალტერნატიული ნომრები, საიტია შემქნილი სპეციალური, სადაც სხვა ნომრებიც წერია, თუ როგორ დავუკავშირდეთ სასწრაფო დახმარების ექიმებს, ან ონლაინ–ექიმებს“, - განაცხადა ცერცვაძემ.
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში დაავადებამ 45 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 2 911 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 2 421 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 66 561 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 49 811 პაციენტი გამოჯანმრთელდა,566 გარდაიცვალა.


