გადაადგილების შეზღუდვის ამოქმედების მიუხედავად რესტორნებსა და კაფე-ბარებს 22:00 საათიდან მიტანის სერვისით მუშაობის უფლება ექნებათ
11/11/2020 09:52:25 საზოგადოება
გადაადგილების შეზღუდვის ამოქმედების მიუხედავად საქართველოში რესტორნებსა და კაფე-ბარებს 22:00სთ–ის შემდეგ მიტანის სერვისით მუშაობის უფლება ექნებათ.
შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი უკვე მოაწერა.
შეგახსენებთ, რომ 3 ნოემებრს ქვეყნის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოში 22:00 საათის შემდეგ რესტორნების, კაფეებსა და ბარებს მუშაობა ეკრძალებათ. 22:00სთ–ის შემდეგ ნებადართული იყო მხოლოდ მიტანის სერვისი. თუმცა 9 ნოემბრიდან ქვეყანამ შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა. კერძოდ, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში ღამის 10 საათიდან დილის 5საათამდე გადაადგილება შეიზღუდა.
ხელისუფლება აღნიშნული შეზღუდვების დაწესების მიზეზად ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ასახელებს. როდემდე გახანგრძლივდება აკრძალვები, ჯერ–ჯერობით უცნობია.
ცნობისთვის: საქართველოში, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 66 561 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 49 811 პაციენტი გამოჯანმრთელდა,566 გარდაიცვალა.


