"კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი სავარაუდოდ, 2021 წლის აპრილისთვის იქნება"
11/11/2020 09:34:13 მსოფლიო
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი სავარაუდოდ, 2021 წლის აპრილისთვის იქნება.
მისივე თქმით, გერმანულ-ამერიკული წარმოების ვაქცინის გარდა, შესაძლებელია, წლის ბოლომდე მეორე ვაქცინაც იყოს მზად:
"კომპანია "მოდერნაც" მუშაობს მსგავს პრეპარატზე და მალე მისი ტესტირების შედეგებიც გახდება ცნობილი. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე მორიგი ეფექტური ვაქცინა გვქონდეს".
როგორც ფაუჩიმ აღნიშნა, აშშ–ში ვაქცინით პირველ რიგში, რისკ–ჯგფებში შემავალ პირებს (მედიკოსები, ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები და.ა.შ.) აცრიან.
9 ნოემბერს კომპანიებმა Pfizer-მა და BioNTech–მა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, გერმანულ-ამერიკული წარმოების კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინამ - BNT162-მა 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა.
მათივე ცნობით, ვაქცინის გამოცდის მესამე - დასკვნით ეტაპზე, კვლევის წინასწარი შედეგების თანახმად, BNT162-მა კორონავირუსით ინფიცირებისგან ექსპერიმენტის მონაწილე მოხალისეების 90%-ზე მეტი დაიცვა და ამასთანავე, არც სერიოზული გვერდითი ეფექტები ჰქონია.
ვაქცინის ადამიანებზე გამოცდის მე-3 ეტაპი ამჟამად რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს და მასში 43 000-ზე მეტი მოხალისეა ჩართული.
დასკვნითი ეტაპის მონაცემების შეგროვება ნოემბრის მესამე კვირამდე გაგრძელდება, შემდეგ კი პრეპარატი დასამტკიცებლად მარეგულირებლებს გაეგზავნებათ. სწრაფი ლიცენზირების პირობებში პრეპარატის პირველი დოზები უკვე მიმდინარე წლის ბოლოსთვის შეიძლება, გახდეს ხელმისაწვდომი.
ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 51 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 51 861 437 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 280 549 ადამიანი იმსხვერპლა. 36 428 038 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 66 561 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 49 811 პაციენტი გამოჯანმრთელდა,566 გარდაიცვალა.


