ვინ არიან Biontech-ის წამყვანი მეცნიერები, რომელთა მიერ შექმნილმა კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინამ, მსოფლიოს იმედი ჩაუსახა
11/11/2020 09:06:15 მსოფლიო
9 ნოემბერს კომპანიებმა Pfizer-მა და BioNTech–მა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, გერმანულ-ამერიკული წარმოების კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინამ - BNT162-მა 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა.
მათივე ცნობით, ვაქცინის გამოცდის მესამე -დასკვნით ეტაპზე, კვლევის წინასწარი შედეგების თანახმად, BNT162-მა კორონავირუსით ინფიცირებისგან ექსპერიმენტის მონაწილე მოხალისეების 90%-ზე მეტი დაიცვა და ამასთანავე, არც სერიოზული გვერდითი ეფექტები ჰქონია.
ვაქცინის ადამიანებზე გამოცდის მე-3 ეტაპი ამჟამად რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს და მასში 43 000-ზე მეტი მოხალისეა ჩართული.
დასკვნითი ეტაპის მონაცემების შეგროვება ნოემბრის მესამე კვირამდე გაგრძელდება, შემდეგ კი პრეპარატი დასამტკიცებლად მარეგულირებლებს გაეგზავნებათ. სწრაფი ლიცენზირების პირობებში პრეპარატის პირველი დოზები უკვე მიმდინარე წლის ბოლოსთვის შეიძლება, გახდეს ხელმისაწვდომი.
ვაქცინის შექმნაში უამრავი მეცნიერი მონაწილეობდა, თუმცა ორი მათგანი – უგურ შაჰინი და ოზმელ ტურეჩი მაინც გამორჩეულ გმირებად იქცნენ, რადგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა მათ სახელებს უკავშირდება.
უგურ შაჰინი კომპანია Biontech-ის დამფუძნებელია. შაჰინიც და ტურეჩიც წარმოშობით თურქები არიან. მათი მშობლები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში, ქალაქ კიოლნში ჩავიდნენ და იქ დასახლდნენ. ორივე მათგანმა სამედიცინო განათლება კიოლნში მიიღო. შაჰინმა 2008 წელს ტურეჩთან ერთად დაარსა სამედიცინო ფირმა Biontech, რომელსაც სადღეისოდ 1300 თანამშრომელი ჰყავს. Biontech სხვადასხვა მძიმე დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატების შექმნაზე მუშაობს.
Pfizer-ისა და BioNTech–ის ერთობლივი განცხადებას გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი მყისიერად გამოეხმაურა, ვაქცინის შექმნის ფაქტს მიესალმა და კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ გერმანულმა კომპანიამ მიაღწია ამ კუთხით წარმატებას. იენს შპანმა იმედი გამოთქვა, რომ თავად გერმანიის მოსახლეობისთვის ვაქცინა უკვე 2021 წლის დასაწყისში გახდება ხელმისაწვდომი.
ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 51 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 51 861 437 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 280 549 ადამიანი იმსხვერპლა. 36 428 038 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 66 561 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 49 811 პაციენტი გამოჯანმრთელდა,566 გარდაიცვალა.


