რისი ეშინია პუტინს და რატომ დაიწყო მან სამართლებრივ გარანტიებზე ფიქრი

11-11-2020 12:14:17 ანალიზი

რუსულ წყაროებზე დაყრდნობით, ბრიტანული გამოცემები Daily Mail, The Sun და სხვები იმაზე ალაპარაკდნენ, რომ რუსეთის 68 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პარკინსონის დაავადების სიმპტომები აქვს და ავადმყოფობის გამო მოსალოდნელია თანამდებობიდან მისი ვადაზე ადრე წასვლა. გავრცელებულ ინფორმაციას კრემლში უარყოფენ და აცხადებენ, რომ პუტინი თავს „შესანიშნავად“ გრძნობს. თუმცა მომავალი წლისთვის რუსეთის პრეზიდენტის შესაძლო გადადგომაზე მითქმა-მოთქმა კიდევ უფრო გაამძაფრა 5 ნოემბერს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ინიცირებულმა კანონმა, რომელიც ქვეყნის ექს-პრეზიდენტების მიმართ სამართლებრივი გარანტიების მაქსიმალურ ზრდას ითვალისწინებს.

მოქმედი ფედერალური კანონი "უფლებამოსილებაშეწყვეტილი პრეზიდენტისა და მისი ოჯახის გარანტიების შესახებ" ყოფილ სახელმწიფო მეთაურს მხოლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებისას ჩადენილი დანაშაულებისგან იცავს. ახალი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში კი რუსეთის ექს-პრეზიდენტს იმუნიტეტი ნებისმიერი პერიოდის დანაშაულისთვის სასჯელისგან დაიცავს.

გარდა ამისა, გართულდება ყოფილი პრეზიდენტის გაფართოებული იმუნიტეტის გაუქმება. მისი ანულირებისათვის საჭირო იქნება, სახელმწიფო სათათბიროს ქვედა პალატის მძიმე ბრალდებას (როგორიცაა მაგ. სახელმწიფო ღალატი ან სხვა მძიმე დანაშაული) ზედა პალატამ უმრავლესობით დაუჭიროს მხარი.

აშკარაა, რომ რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი აქტიურად ზრუნავს საკუთარ პოსტ-საპრეზიდენტო უსაფრთხოება-დასაქმებაზე. ჯერ კიდევ ოქტომბრის ბოლოს პუტინმა საკანონმდებლო სათათბიროში განსახილველად ახალი კანონი შეიტანა, რომელიც საშუალებას მისცემს მას, პრეზიდენტობის შემდეგ ფედერაციის საბჭოს მუდმივი წევრობა მოიპოვოს.

კრემლის პრეს-სპიკერ დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „ყოფილი პრეზიდენტის იმუნიტეტის შესახებ კანონპროექტი საკმაოდ გამართლებულია და ეს არის პრაქტიკა, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშიმოქმედებს". მან "ლოგიკური" უწოდა ამ ინიციატივას და აღნიშნა, რომ ახალ კონსტიტუციასთან მთელი რიგი კანონების ჰარმონიზაცია უკვე ხორციელდება. „ეს არ არის ინოვაცია, უბრალოდ იბადება სახელმწიფოს მეთაურის გარანტიების ამჟამინდელი სტატუსი“ - თქვა პესკოვმა.

პოლიტოლოგებს პუტინის გადადგომის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ. მათ პროგნოზების კეთება უჭირთ, მაგრამ თანხმდებიან იმაში, რომ პუტინი საკუთარი თავისთვის გარანტიების შექმნით არის დაკავებული. რუსი პოლიტოლოგი დიმიტრი ორეშკინი „დოიჩე ველესთან“ საუბრისას აცხადებს, რომ „პუტინს არ სჯერა თავისი კოლეგების, მან ყველაზე კარგად იცის, თუ რა პუბლიკასთან აქვს საქმე. მემკვიდრე, რომელმაც პუტინს შეიძლება, თვალებში უყუროს და კუდი უქიცინოს, ერთი წლის შემდეგ თავის წინამორბედს ქვეყნის წინაშე არსებული სირთულეების გამო დაადანაშაულებს“.

"ეკონომიკა კვდება, ხალხი ღარიბდება, პუტინის რეიტინგი ეცემა და საპროტესტო განწყობები იზრდება. ამ სიტუაციაში პუტინს ყველაზე არასასურველ სცენარზე უწევს ფიქრი და მზადება, განსაკუთრებით - ბელარუსში მიმდინარე მოვლენების ფონზე", - განმარტა ექსპერტმა აბას გალიამოვმა „ღია მედიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

მსოფლიოში არაერთი პრეცედენტი არსებობს, როცა ყოფილი პირველი პირების წინააღმდეგ სხვადასხვა ბრალდებით გამოძიება დაიწყო. მათ შორის არიან საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, ეგვიპტეს ყოფილი მეთაური მუჰამედ მურსი, სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი პაკ კინ ჰე, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი მიშელ ტემერი, უკრაინის ყოფილი მეთაური ვიქტორ იანუკოვიჩი, ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი.

სამართლებრივი დევნის ჩამოთვლილი შემთხვევების ფონზე ჩნდება კითხვა: რამდენად უშველის პუტინს დამატებითი ხელშეუხებლობა და გარანტიები? ალბათ, პასუხი უფრო მარტივია, ვიდრე გვეჩვენება. წარმოუდგენელია, რაიმე სამართლებრივი გარანტიების მიღება იმ არასამართლებრივ სახელმწიფოში, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი პუტინი წლებია, საკუთარი ხელით „აშენებს“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები