იტალიამ შეზღუდვები კიდევ 5 რეგიონში გაამკაცრა
10/11/2020 18:35:54 მსოფლიო
იტალიამ შეზღუდვები კიდევ 5 რეგიონში გაამკაცრა. ხელისუფლება აღნიშნულის მიზეზად ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ასახელებს.
ამ ჯერზე ახალი აკრძალვები აბრუცოში, ბაზილიკატაში, ლიგურიაში, ტოსკანასა და უმბრიაში ამოქმედდა. კერძოდ ხსენებულ რეგიონებში დაიხურა ბარები და რესტორნები. გარდა ამისა, ამ ხუთი რეგიონის მოსახლეობას ქვეყნის სხვა რეგიონებში გადაადგილების უფლება არ აქვს.
აღსანიშნავია, რომ იტალიის 20 რეგიონიდან ორ მათგანში – პულიასა და სიცილიაში მსგავსი შეზღუდვები უკვე მოქმედებდა.
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბრიდან ქვეყანაში 4 რეგიონი ხელმეორედ ჩაიკეტა. კერძოდ, ლომბარდიაში, პიემონტში, ვალე დასტასა და კალაბრიაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.
5 ნოემბრიდან იტალიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით "კომენდანტის საათი" დააწესა, რომელიც ყოველდღე, 22:00-დან 05:00 სთ-მდეა ძალაში. ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, მუზეუმები დაიკეტა, ხოლო სავაჭრო ცენტრები არ იმუშავებენ შაბათ–კვირას. 5 ნოემბერს დაწესებული შეზღუდვები 1 თვის განმავლობაში იმოქმედებს.
გარდა ზემოთხსენებულისა, 26 ოქტომბრიდან ქვეყანაში მოქმედებს შემდეგი სახის შეზღუდვები:
- ბარები, რესტორნები და კვების ობიექტები ადგილობრივი დროით 18:00 სთ–მდე მუშაობენ. ერთ მაგიდასთან 4–ზე მეტი ადამიანის განთავსება აკრძალულია;
- სპორტული დარბაზები, საცურაო აუზები, თეატრები, კინოთეატრები, საკონცერტო დარბაზები, ბინგო-დარბაზები, კაზინოები და სილამაზის ცენტრები დახურულია;
26 ოქტომბერს დაწესებული შეზღუდვები 24 ნოემბრამდე იქნება ძალაში.
ბოლო რამდენიმე დღეა, იტალიაში Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 30 000–ს აჭარბებს.
უკანასკნელი მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 995 463 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 42 330 ადამიანი გარდაიცვალა.


