“გლოვო” განმარტავს, რატომ ვერ მოემსახურა აქციაზე მყოფ ადამიანებს
10/11/2020 18:16:23 საზოგადოება
მიტანის სერვისის კომპანია “გლოვო” განმარტავს, რატომ არ მოემსახურა 9 ნოემბერს პარლამენტის წინ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას აპროტესტებდნენ.
კომპანია საკუთარ განმარტებაში რამდენიმე ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას:
- პარტნიორი კურიერების უკუკავშირზე დაყრდნობით მათ არაერთი სირთულე შეექმნათ აქციის ტერიტორიაზე 9 ნოემბერს;
- გადაადგილების შეზღუდვა, განსაკუთრებით მანქანიანი კურიერებისთვის, რომელთა რიცხვიც დიდი მოცულობის შეკვეთებიდან და ცივი ამინდიდან გამომდინარე ამ პერიოდში საგრძნობლად გაზრდილია;
- კურიერების უსაფრთხოება 8 ნოემბერს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე.
“Glovo სრულად იღებს პასუხისმგებლობას, რომელიც გვაკისრია იმ ადამიანების წინაშე, რომლებსაც პანდემიის, მიმდინარე მოვლენების და გადაადგილების შეზღუდვის გამო ჩვენი სერვისი ყველაზე მეტად სჭირდებათ და კომედანტის საათის (22:00-05:00) განმავლობაში ყველა ქალაქში აფთიაქის და სუპერმარკეტის კატეგორიიდან უფასო მიტანის სერვისით მოვემსახურებით ყველას.
და ბოლოს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ გუშინდელი ფორსმაჟორული სიტუაციის გამოცდილება დაგვეხმარება მომავალში ანალოგიური სირთულეების უკეთესად მართვაში და ვეცდებით ჩვენი სერვისი ყველასთვის და ყველგან იყოს ხელმისაწვდომი,”-ვკითხულობთ “გლოვოს” განცხადებაში.
9 ნოემბრიდან ქვეყნის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თბილისში 22:00 საათიდან 05:00 საათმდე ქუჩაში გადაადგილება აიკრძალა. მთავრობა ამ შეზღუდვას გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარებით ხსნის. მოქალაქეების ნაწილმა მთავრობის ეს გადაწყვეტილება პარლამენტთან გააპროტესტა. აქციაზე მყოფი ადამიანების ნაწილი წერდა, რომ “გლოვოს” სერვისით ვერ სარგებლობდნენ, რადგან აპლიკაციაში აღნიშნული ტერიტორია – პროტესტის ადგილი დროებით გათიშული იყო.


