ზელენსკი კორონავირუსით დაავადდა
09/11/2020 20:36:00 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კორონავირუსითაა ინფიცირებული.
«ყველა საკარანტინო ღონისძიების მიუხედავად, ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა», – დაწერა ზელენსკიმ “ტვიტერში”.
პრეზიდენტის ინფორმაციით, იგი თავს კარგად გრძნობს და მუშაობის თვითიზოლაციაში გაგრძელებას გეგმავს.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდგინეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკსაც.
ბოლო მონაცემებით, პანდემიის დაწყების დროიდან უკრაინაში კოვიდ-ინფიცირების თითქმის 470 ათასი შემთხვევაა აღრიცხული. გარდაცვლილია 8,5 ათასზე მეტი პაციენტი. ქვეყანაში შეზღუდვები მოქმედებს.
ოქტომბერში უკრაინაში ჰოსპიტალიზებული კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების რაოდენობამ წინა თვლის მაჩვენებელს 80%-ით გადააჭარბა. ქვეყნის მთავარი სანიტარული ექიმის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკებს გეგმიური ჰოსპიტალიზება შეწყვეტილი აქვთ და მხოლოდ იმ კოვიდ-ინფიცირებულებს ემსახურებიან, რომლებსაც დაავადების მძიმე მიმდინარეობა უვლინდებათ.


