Accentnews.ge
ომბუდსმენი სახელმწიფო ორგანოებს მოუწოდებს, აქციის მონაწილეთა დაჯარიმებისგან თავი შეიკავონ

ომბუდსმენი სახელმწიფო ორგანოებს მოუწოდებს, აქციის მონაწილეთა დაჯარიმებისგან თავი შეიკავონ

09/11/2020 18:59:38 საზოგადოება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სახელმწიფო ორგანოებს მოუწოდებს, პატივი სცენ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ დემონსტრანტების გამოხატვის თავისუფლებას და აქციის მონაწილეთა დაჯარიმებისგან თავი შეიკავონ.

ომბუდსმენი განმარტავს, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონი შესაძლებლობას იძლევა, შეიზღუდოს გადაადგილების თავისუფლება და არა შეკრება-მანიფესტაციის უფლება და შესაბამისად, მთავრობის დადგენილების გამოყენება მანიფესტაციის და გამოხატვის აკრძალვის მიზნით არაკონსტიტუციური იქნება.

"დემოკრატიული საზოგადოების წევრებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გამოთქვან აზრი ნებისმიერი შეზღუდვის თაობაზე, მათ შორის შეკრებისა და მანიფესტაციის გზით გააპროტესტონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შემოღებული შეზღუდვის კანონიერება, ეფექტურობა და მიზანშეწონილობა. სწორედ ამ ტიპის შესაძლებლობა განასხვავებს დემოკრატიულ სახელმწიფოს არადემოკრატიულისგან", - აცხადებს სახალხო დამცველი.

ამასთან, ომბუდსმენი მოუწოდებს აქციის მონაწილეებსაც, შეკრებისას დაიცვან დისტანცია და გამოიყენონ პირბადე.

9 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვა ამოქმედდა. კერძოდ, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში ღამის 22:00-დან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება. შეზღუდვის დამრღვევი პირი 2000 ლარით დაჯარიმდება.

როგორც დღეს "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, 22:00 საათის შემდეგ აქციის გამართვას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება: "აქციის გამართვის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ 22:00 საათის შემდეგ, რა თქმა უნდა, კანონი მოქმედებს ყველასთვის".

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა "სირცხვილია" დაუმორჩილებლობის აქციას მართავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S