საქართველოს 7 ქალაქში გადაადგილების შეზღუდვა ამოქმედდა
09/11/2020 18:14:55 საზოგადოება
საქართველოს 7 ქალაქში გადაადგილების შეზღუდვა ამოქმედდა. კერძოდ, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში ღამის 22:00-დან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება. შეზღუდვის დამრღვევი პირი 2000 ლარით დაჯარიმდება.
გადაადგილების შეზღუდვა გავრცელდება როგორც ქვეითად მოსიარულეებზე, ასევე ტრანსპორტით გადაადგილებაზე. შეზღუდვა არ იმოქმედებს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე; იმ პირებზე და მათ საავტომობილო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული ობიექტების ფუნქციონირებისთვის; ასევე სამედიცინო, ფარმაცევტული, მედიადაწესებულებების და მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა "სირცხვილია" დაუმორჩილებლობის აქციას მართავს. ადგილზე ოპოზიციის რიგი ლიდერებიც იმყოფებიან.
ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ, დემონსტრაციის ადგილზე შეშის შეტანის მცდელობისთვის „სირცხვილიას“ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.
ცნობისთვის: პარლამენტის შენობის წინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობისა და ხელახალი არჩევნების დანიშნვის მოთხოვნით აქცია მეორე დღეა, იმართება. ამასთან, აქციის მონაწილეები ცსკ–ის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომასაც მოითხოვენ.


