ევროკომისია 300 მლნ დოზა ამერიკულ-გერმანულ ვაქცინას შეიძენს
09/11/2020 18:17:13 მსოფლიო
ევროკომისია ამერიკულ-გერმანული კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის 300 მლიონი დოზის შეძენას გეგმავს. ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა.
იგი ვაქცინის შექმნის ფაქტს მიესალმა და კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ გერმანულმა კომპანიამ მიაღწია ამ კუთხით წარმატებას.
იენს შპანმა იმედი გამოთქვა, რომ თავად გერმანიის მოსახლეობისთვის ვაქცინა უკვე 2021 წლის დასაწყისში გახდება ხელმისაწვდომი.
გერმანულ-ამერიკული წარმოების ვაქცინამ - BNT162-მა 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა, – ნათქვამია მწარმოებელი კომპანიების - Pfizer-ისა და BioNTech-ის ერთობლივ განცხადებაში. მათივე ცნობით, ვაქცინის გამოცდის მესამე -დასკვნით ეტაპზე, კვლევის წინასწარი შედეგების თანახმად, BNT162-მა კორონავირუსით ინფიცირებისგან ექსპერიმენტის მონაწილე მოხალისეების 90%-ზე მეტი დაიცვა და ამასთანავე, არც სერიოზული გვერდითი ეფექტები ჰქონია.
ვაქცინის ადამიანებზე გამოცდის მე-3 ეტაპი ამჟამად რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს და მასში 43 000-ზე მეტი მოხალისეა ჩართული.
დასკვნითი ეტაპის მონაცემების შეგროვება ნოემბრის მესამე კვირამდე გაგრძელდება, შემდეგ კი პრეპარატი დასამტკიცებლად მარეგულირებლებს გაეგზავნებათ. სწრაფი ლიცენზირების პირობებში პრეპარატის პირველი დოზები უკვე მიმდინარე წლის ბოლოსთვის შეიძლება, გახდეს ხელმისაწვდომი.
პანდემიის დაწყების დროიდან მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 50 მილიონს გადააჭარბა. კერძოდ, დადასტურებულია ინფიცირების 50 738 093 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 262 132 ადამიანი იმსხვერპლა. 35 795 461 დაავადებული გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 60 680 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 45 042 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 499 გარდაიცვალა.


