მოქალაქეების ნაწილი პროტესტს სახლიდან შეუერთდება
09/11/2020 13:41:29 საზოგადოება
საქართველოს მოქალაქეების ნაწილი, რომელიც 9 ნოემბერს რუსთაველზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ვერ უერთდება, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საკუთარ პროტესტს შინიდან დააფიქსირებს. აქტივობა სოციალურ ქსელში დაიგეგმა.
“ძალიან ბევრ ჩვენგანს გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება გაყალბებული არჩევნებისადმი – დავიცვათ საკუთარი ხმები. პანდემიისა თუ სხვა მიზეზების გამო აქციაზე მისვლას ყველა ვერ ვახერხებთ, არადა თითოეული ჩვენგანის პოზიცია აუცილებლად და მკაფიოდაა გამოსახატი! შემოუერთდით პროტესტს სახლიდან! დღეს, 22:00-ზე გამოხატეთ თქვენი პოზიცია სახლების აივნებიდან, ფანჯრებიდან, ეზოებიდან. მოიმარჯვეთ ხმაურა ნივთები (ქვაბები და ხის კოვზები, ჯამები, ქვაბის თავსახურები) და იხმაურეთ! გავაგონოთ, რამდენი ვართ!” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.
სრულიად ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ შედეგებსა და მე–10 მოწვევის პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიცია ცსკ–ის თავმჯდომარის გადადგომას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.
8 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციამ მასშტაბური აქცია გამართა. მოგვიანებით მომიტინგეთა ნაწილმა ცსკ–სთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციას ბარიკადები აქვს მოწყობილი. სპეცრაზმმა რამდენიმე ათეული დემონსტრანტის წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. არსებობს ცნობები მცირე რაოდენობით ცრელმსადენი გაზის გამოყენების შესახებაც. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის - მედიის წარმომადგენლები.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინვე გაავრცელეს განცხადებები იმის შესახებ, რომ ხელისუფლების მიერ წყლის ჭავლის გამოყენება არაპროპორციული ძალა იყო და არღვევდა ადამიანთა შეკრების თავისუფლებას. სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კი განაცხადა, რომ ცივ ამინდში წყლის ჭავლის გამოყენება არასათანადო მოპყრობას უტოლდება.
სამართალდამცველების მიერ წყლის ჭავლის რამდენჯერმე გამოყენების შემდეგ ოპოზიციონერმა ლიდერებმა ცსკ–სთან აქციის დაშლის შესახებ განაცხადეს და მორიგი საპროტესტო მანიფესტაცია დააანონსეს. იგი 9 ნოემბერს, 18:00 საათისთვის პარლამენტთან არის დაგეგმილი.


