Accentnews.ge
შს სამინისტროსთან ჟურნალისტების აქცია  "ნუ გვაბრმავებ" გაიმართა

შს სამინისტროსთან ჟურნალისტების აქცია "ნუ გვაბრმავებ" გაიმართა

09/11/2020 12:52:37 საზოგადოება

შს სამინისტროსთან ჟურნალისტების აქცია სლოგანით "ნუ გვაბრმავებ" გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" იყო.

"ხელისუფლებამ მედიასთან ურთიერთობა ვერ ისწავლა. პირველ რიგში, მედიას ერჩიან, ხელს უშლიან მოვლენების გაშუქებაში, რათა მოქალაქეებს მომხდარის შესახებ რეალური სურათი არ ჰქონდეთ", – განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ.

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" მიმართავს საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს, ასევე საერთაშორისო ჟურნალისტურ გაერთიანებებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული რესურსი, რათა საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული იყოს და მეტად იყოს გარანტირებული ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემო.

ცნობისთვის: 8 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციამ მასშტაბური აქცია გამართა. მოგვიანებით დემონსტრანტებმა ცსკ–სთან გადაინაცვლეს. სპეცრაზმმა ცსკ–სთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ მომიტინგეს წყლის ჭავლი დაუშინა. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის - მედიის წარმომადგენლები.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S