აქციაზე დაშავებული ვეტერანი: „მათ გამო მრცხვენოდა!“
09/11/2020 11:26:37 საზოგადოება
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქციის სპეცსაშუალებებით დაშლისას დაშავებული მიმიტინგე – ვეტერანი ზაზა გუგავა ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების აუცილებლობა არ იდგა.
გუგავას სავარაუდოდ, წყლის ჭავლის შედეგად მარჯვენა თვალში ბადურა აქვს ჩამოშლილი და აღუდგება თუ არა მხედველობა, ამ ეტაპზე უცნობია.
„მოვლენები ისე განვითარდა, რასაც არავინ ელოდა: წყლის ჭავლის გამოყენების აუცილებლობა არ არსებობდა – არავინ არსად არ შერბოდა. მახსოვს, რომ სახეში ძლიერი ნაკადი მომხვდა, შემდეგ – ზურგის მიდამოში, წნევამ ჰაერში ამაგდო და სახით დავეცი. შემდეგ მომიტიმგეები მომეხმარნენ და გამომიყვანეს. ერთი თვალიდან ვერაფერს ვხედავდი, ძლიერი ტკივილი მქონდა.
ყოფილი ძალოვანი ვარ, აფხაზეთის ომის ვეტერანი – დაჭრილი, მეორე ჯგუფის ინვალიდი. უბრალოდ, მათ გამო მრცხვენოდა – საკუთარ ხალხს სახელმწიფო და ძალოვანი სტრუქტურა ასე არ უნდა ექცეოდეს!“,– განაცხადა ზაზა გუგავამ.
ცნობისთვის: 8–9 ნოემბერს ცსკ–სთან მიმდინარე წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგად დემონსტრანტები დაშავდნენ. ხელისუფლება გამოყენებულ ძალას პროპორციულს უწოდებს, განსხვავებული პოზიცია აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს.


