დღეს შს სამინისტროსთან ჟურნალისტების აქცია სახელწოდებით "ნუ გვაბრმავებ" გაიმართება
09/11/2020 11:10:09 საზოგადოება
დღეს, 16:30 სთ–ზე შს სამინისტროსთან ჟურნალისტების აქცია სახელწოდებით "ნუ გვაბრმავებ" გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაა".
"2020 წლის 8 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე აქციაზე სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოყენებული ზომების შედეგად მედიის ათამდე წარმომადგენელი დაშავდა, დაზიანდა მათი კუთვნილი ტექნიკაც",- ნათქვამია ქარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის: 8 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციამ მასშტაბური აქცია გამართა. მოგვიანებით, დემონსტრანტებმა ცსკ–სთან გადაინაცვლეს. სპეცრაზმმა ცსკ–სთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ აქციის მონაწილეს, სანამ მათ რუსთაველის გამზირიდან დაძრული ნაკადი შეუერთდებოდა, წყლის ჭავლი დაუშინა. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები.
ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.


