როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, თუ 20:00სააათის შემდეგ ქუჩაში გადაადგილება გადაუდებლად ესაჭიროება
09/11/2020 11:02:24 საზოგადოება
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილი განმარტავს, როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, თუ 20:00სააათის შემდეგ ქუჩაში გადაადგილება გადაუდებლად ესაჭიროება.
"გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩვენს მოქალაქეებს 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებითვის შეეძლებათ ერთჯერადი, დროებითი საშვის მიღება. ამისათვის მოქალაქემ ნომერზე 1441 უნდა დარეკოს. აღნიშნული ნომერი დღეს, 18.00 საათიდან ამოქმედდება“,- განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
ცნობისთვის: 9 ნოემბრიდან ქვეყანაში შემდეგი ახალი შეზღუდვები ამოქმედდება:
- თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში ღამის 10 საათიდან დილის 5საათამდე გადაადგილება შეიზღუდება;
- თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში ფუნქციონირებას დროებით შეწყვეტენ როგორც მუნიციპალური, ისე კერძო საბავშვო ბაღები;
ხელისუფლება აღნიშნული შეზღუდვების დაწესების მიზეზად ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ასახელებს. როდემდე გახანგრძლივდება აკრძალვები, ჯერ–ჯერობით უცნობია.
ვის შეეხება/არ შეეხება გადაადგილების შეზღუდვა:
გადაადგილების შეზღუდვა გავრცელდება როგორც ქვეითად მოსიარულეებზე, ასევე ტრანსპორტით გადაადგილებაზე. შეზღუდვა არ იმოქმედებს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე; იმ პირებზე და მათ საავტომობილო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული ობიექტების ფუნქციონირებისთვის; ასევე სამედიცინო, ფარმაცევტული, მედია დაწესებულებების და მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში Covid-19-ით ავადობის 2 927 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2 470 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 60 680 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 45 042 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 499 გარდაიცვალა.


