თუ სასწრაფოს თანამშრომელი COVID-19–ით გარდაიცვალა, მათგან ნაწილის ოჯახი 10 000 ლარს მიიღებს
09/11/2020 08:54:18 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ბრძანებით, 10 000 ლარის ფულად კომპენსაცია გადაეცემა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს (ოჯახებს, მემკვიდრეებს), თუკი ისინი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს COVID-19-ით დაინფიცირდებიან და მათი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდება.
"საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უფლებამოსილია, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ცენტრის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით, მის ოჯახზე (მემკვიდრე) გასცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით", - ნათქვამია ეკატერინე ტიკარაძის მიერ გამოქვეყნებულ ბრძანებაში.
საკანონმდებლო მაცნეზე ბრძანება 9 ნოემბერს გამოქვეყნდა, თუმცა ირკვევა, რომ ის 1 ოქტომბრის შემდგომ წარმოქმნილ სამართლებრივ ურთიერთობებზეც ვრცელდება.
ცნობისთვის: 9 ნოემბრის მდგომარეობით, გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 927 შემთხვევა გამოვლინდა, 24 ადამიანი გარდაიცვალა.


