ექიმი – პოლიციელებს წყლის ჭავლის გამოყენებაზე: „ნუ მიიღებთ მონაწილეობას გამიზნულ მკვლელობაში!“
08/11/2020 20:33:48 საზოგადოება
ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი, რომელიც ამჟამად აშშ–ში საქმიანობს, თბილისში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენებას ეხმიანება და პოლიციელებს მოუწოდებს, „ნუ მოკლავენ ადამიანებს“.
როგორც ექიმი განმარტავს, წყლით დასველებული ადამიანების ნაწილი შეიძლება, კორონავირუსით იყოს ინფიცირებული და მათ ავადობის გართულების მაღალი რისკი ექმნებათ.
"ძვირფასო პოლიციელებო, ჯარისკაცებო, თქვენ ქვეყნის და ადამიანების დასაცავად დაგიქირავათ საზოგადოებამ. მათ შორის – იმ ადამიანებმაც ვისაც პანდემიის პიკზე, ნოემბრის ცივ ღამეს ცივი წყლის ჭავლით დევნით...
სველი, გადაცივებული ადამიანების ნაწილი შეიძლება, უკვე იყოს ინფიცირებული და მათ დაავადების რთული ფორმების ბევრად მეტი რისკი აქვთ, ვიდრე იმათ, ვინც ამ დანაშაულს თვალს თბილი ოთახებიდან ადევნებს. გთხოვთ, ნუ მიიღებთ მონაწილეობას გამიზნულ მკვლელობაში.
საქართველოში, უკვე არცერთ ჰოსპიტალში აღარაა ადგილი დაავადებულების მისაღებად. თქვენც შეიძლება, აღმოჩნდეთ ერთ-ერთი, ვისაც ხვალ დახმარება დასჭირდება და ვერ მიიღებს იმიტომ, რომ ჰოსპიტალური სექტორი უბრალოდ გადავსებული იქნება.
ვერ იცხოვრებთ ამ ცოდვით, ვერ გაუსწორებთ თვალებს თქვენს შვილებს!
ეხლა, მშიერი, გადაცივებული, უფლებაწართმეული, დასტრესილი ადამიანების დევნა მკვლელობაზე შეგნებულად წასვლაა", - წერს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: დღეს თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ოპოზიციამ სამი მოთხოვნა – ხელახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება; ცსკ–ის თავმჯდომარის გადადგომა და კომისიების სამართლიანი წესებით დაკომპლექტება; პოლიტპატიმრების გათავისუფლება – წამოაყენა და ხელისუფლებას გადაწყვეტილების მისაღებად ვადა 20:00 საათამდე მისცა.
20:00სთ–ზე ენმ–ის ერთ–ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მომიტინგეებს მიმართა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონტაქტზე სახელისუფლებო გუნდის წევრები ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე გავიდნენ და 9 ნოემბრისთვის დიალოგი შესთავაზეს. ამის შემდეგ მელიამ დემონსტრანტებს ცსკ–ის შენობასთან გადანაცველებისკენ მოუწოდა:
"ახლა ყველამ ერთად უნდა გადავინაცვლოთ და "კომენდანტის საათი" დავუწესოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობას: იქ ვერავინ შევა და იქიდან ვერავინ გამოვა!“.
დემონსტრანტები ცსკ–ის შენობასთან მივიდნენ. პოლიციასთან შეხლა–შემოხლის შემდეგ სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები დაშალეს. მომიტინგეები აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე დემონსტრანტი. მოგვიანებით, შსს–მ განაცხადა, რომ პოლიციას გაზი არ გამოუყენებია. ადგილზე აქციის მონაწილეები და ძალოვანები ამ დრომდე რჩებიან.


