მედიის ცნობით, აშშ–ის პრეზიდენტი ბაიდენი გახდა, ტრამპი კი აცხადებს, რომ არჩევნების დასრულებამდე შორია
07/11/2020 19:11:07 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჯო ბაიდენმა არჩევნებში მოქმედ პრეზიდენტ რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს მოუგო და ქვეყნის რიგით 46–ე პრეზიდენტი გახდა, – იუწყება ამერიკული მედია.
მისივე ცნობით, ბაიდენმა გამარჯვების მოსაპოვებლად წარმომადგენელთა კოლეგიაში საჭირო 270–ხმიანი ზღვარი უკვე გადალახა. აღნიშნული პენსილვანიისა და ნევადას შტატებში გამარჯვებამ განაპირობა.
ამასთან, ბაიდენი ლიდერობს არიზონასა და ჯორჯიას შტატებშიც, სადაც ხმების დათვლის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
როგორც ამერიკული მედია წერს, ამ დროისთვის ბაიდენს წარმომადგენლების 279 ხმა აქვს, ტრამპს - 213.
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის არჩეულ პრეზიდენტად გამოცხადებას აპროტესტებს და შედეგების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს:
"ყველამ ვიცით, რატომ ჩქარობს ჯო ბაიდენი საკუთარი თავის გამარჯვებულად გამოცხადებას და რატომ ეხმარებიან მას მოკავშირე მედიასაშუალებები: მათ არ სურთ სიმართლის გამოაშკარავება. მარტივი ფაქტია: ამ არჩევნების დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია. ჯო ბაიდენი არც ერთი შტატის დადასტურებულ გამარჯვებულად ჯერ არ გამოცხადებულა, რომ არაფერი ვთქვათ მაღალი კონკურენციის მქონე შტატებზე, რომელთა შედეგებიც აუცილებლად გადაითვლება ისევე, როგორც ის შტატები, რომლებშიც ჩვენს კამპანიას დამაჯერებელი და ლეგიტიმური სამართლებრივი პრეტენზიები აქვს, რამაც შესაძლოა, საბოლოო შედეგები შეცვალოს. მაგალითად, პენსილვანიაში ჩვენი დამკვირვებლები არ დაუშვეს, რათა ხმის დათვლის პროცესს დაკვირვებოდნენ. კანონიერი ხმები წყვეტენ, ვინ გახდება პრეზიდენტი და არა მედია. ორშაბათიდან ჩვენი კამპანია საქმეს სასამართლოში წარადგენს, რათა პრეზიდენტის თანამდებობა კანონიერმა გამარჯვებულმა დაიკავოს. არ მოვისვენებ მანამ, სანამ ამერიკელი ხალხი დამსახურებულ, ხმის დათვლის სამართლიან პროცესს არ იხილავს, რასაც დემოკრატია მოითხოვს".
შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენს ობამას ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა (2008-2012 და 2012-2016 წლებში). მანამდე, იგი ათწლეულების მანძილზე სენატორი იყო დელავერის შტატიდან.
ჯო ბაიდენი აშშ-ის ისტორიაში პირველი ვადით არჩეული ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი იქნება, კამალა ჰარისი კი – აშშ-ის პირველი ქალი და პირველი შავკანიანი ვიცე –პრეზიდენტი.
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი ფიცს 20 იანვარს დადებს. ამ დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება.
როგორც წესი, ინაუგურაცია კაპიტოლიუმის კიბეზე ტარდება. შემდეგ პრეზიდენტი უფლებამოსილების შესრულებას იწყებს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტს ოთხი წლის ვადით ირჩევენ.


