საქართველომ შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა
07/11/2020 10:57:51 საზოგადოება
საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.
საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, 9 ნოემბრიდან ქვეყანაში შემდეგი ახალი შეზღუდვები ამოქმედდება:
- თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში ღამის 10 საათიდან დილის 5საათამდე გადაადგილება შეიზღუდება;
- თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში ფუნქციონირებას დროებით შეწყვეტენ როგორც მუნიციპალური, ისე კერძო საბავშვო ბაღები;
ხელისუფლება აღნიშნული შეზღუდვების დაწესების მიზეზად ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ასახელებს. როდემდე გახანგრძლივდება აკრძალვები, ჯერ–ჯერობით უცნობია.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ვის შეეხება/არ შეეხება გადაადგილების შეზღუდვა:
"გადაადგილების შეზღუდვა გავრცელდება როგორც ქვეითად მოსიარულეებზე, ასევე ტრანსპორტით გადაადგილებაზე. შეზღუდვა არ იმოქმედებს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე; იმ პირებზე და მათ საავტომობილო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული ობიექტების ფუნქციონირებისთვის; ასევე სამედიცინო, ფარმაცევტული, მედია დაწესებულებების და მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად".
მისივე თქმით, "ხსენებული შეზღუდვა "კომენდანტის საათი" არ არის და მისი დარღვევის შემთხვევაში იმოქმედებს ის სანქცია (2000 ლარის ოდენობით), რომელიც უკვე დადგენილია".
ახლადდაწესებული შეზღუდვების გარდა, საქართველოში შემდეგი აკრძალვები მოქმედებს:
- პირბადეების ტარება არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეშიც სავალდებულოა. მოქალაქეები, რომლებიც ამ წესს დაარღვევენ, 20 ლარით დაჯარიმდებიან;
- რესტორნებს 22:00 საათის შემდეგ მუშაობა საქართველოს მასშტაბით ეკრძალებათ. 22:00სთ–ის შემდეგ ნებადართულია მხოლოდ მიტანის სერვისი;
- თეატრები და კინოთეატრები დახურულია; დაშვებულია კულტურული ღონისძიებების ჩატარება ღია სივრცეში 200-მდე ადამიანის მონაწილეობით, გახსნილია მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები, დაშვებულია ფილმწარმოება და დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება;
- სოციალურ ღონისძიებებზე (როგორიცაა ქორწილი, ქელეხი და.ა.შ.) აკრძალულია 10-ზე მეტი პირის თავშეყრა;
- საჯარო სკოლებისა და უნივერსიტეტების უმეტესობა სწავლის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული;
ცნობისთვის: გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში Covid-19-ით ავადობის 2859 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2754 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 54 852 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 39 773 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 441 გარდაიცვალა.


