საქართველოს მთავრობამ დიდ ქალაქებში გადაადგილებაზე შეზღუდვები დააწესა
07/11/2020 10:23:54 საზოგადოება
საქართველოს მთავრობამ დიდ ქალაქებში გადაადგილებაზე შეზღუდვები დააწესა. კერძოდ, 9 ნოემბრიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში ღამის 10 საათიდან დილის 5საათამდე გადაადგილება შეიზღუდება.
„ეს შეზღუდვა გავრცელდება როგორც ქვეითად მოსიარულეებზე, ასევე ტრანსპორტით გადაადგილებაზე. შეზღუდვა არ იმოქმედებს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე, იმ პირებზე და მათ საავტომობილო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული ობიექტების ფუნქციონირებისთვის, ასევე სამედიცინო დაწესებულებების, ფარმაცევტული დაწესებულებების, მედია დაწესებულებების და მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად“,- განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ხელისუფლება აღნიშნული შეზღუდვის დაწესების მიზეზად ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ასახელებს.
შეგახსენებთ, რომ გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში Covid-19-ით ავადობის 2859 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2754 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 54 852 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 39 773 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 441 გარდაიცვალა.


