ევროპაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 300 000–ს გადააჭარბა
07/11/2020 07:34:15 მსოფლიო
ევროპაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 300 000–ს გადააჭარბა. კერძოდ, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, რეგიონში Covid-19-მა 300 688 ადამიანი იმსხვერპლა.
უკანასკნელი მონაცემებით, გლობალური მასშტაბით კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში დაიღუპა. აქ ვირუსმა 408 841 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
რაც შეეხება ცალკეულ ქვეყნებს, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილს აშშ ( 234 944 გარდაცვლილი) იკავებს, მეორეს – ბრაზილია (161 736), მესამეს – ინდოეთი (124 985).
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, გლობალური მასშტაბით კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 249 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულია 49 682 000–ზე მეტი ადამიანი, 35 267 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.


