ცერცვაძე აქციებში მონაწილეობის მსურველ მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
06/11/2020 16:44:15 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე მოქალაქეებს, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ ან სამომავლოდ გეგმავენ მონაწილეობას, პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს.
„კარგი იქნებოდა, რომ აქციების საჭიროება არ ყოფილიყო, მაგრამ რადგან მოსახლეობის გარკვეული ნაწილის დაკვეთაა, რომ აქციები ჩატარდეს, პოლიტიკურ პროცესს ხელს ვერ შევუშლით. მოვუწოდებ მათ, ელემენტარული რეგულაციები დაიცვან. აქციაზე ნიღაბი ყველამ რომ გაიკეთოს, ვინ დამარწუნებს, რომ ამით პროტესტის გამოხატვის ფორმა შესუსტდება, ნაკლებად დამაჯერებელი იქნება ამომრჩევლისთვის ან ნაკლებად მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე?! ნიღაბი არაფერს გააფუჭებს, მხოლოდ გააკეთებს! ვინც ნიღაბს არ იკეთებს, ვიტყოდი, შეგნებულად მიდის იმაზე, რომ ინფექცია გავრცელდეს და ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდოს. ის არ დაფიქრებულა, რომ ხვალ შესაძლოა, მსხვერპლი თავად გახდეს. სამწუხაროდ, ვიცით, რომ 26–30–40 წლის ახალგაზრდები გარდაიცვალნენ – ეს მხოლოდ ხანდაზმულების დაავადება არაა. გავუფრთხილდეთ ადამიანებს პოლიტიკური პროცესების დროსაც, გავიკეთოთ ნიღაბი!",– განაცხადა ცერცვაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ.
ცნობისთვის: გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში Covid-19-ით ავადობის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 560 ადამიანი. ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 14 525 აქტიური შემთხვევაა. 4 618 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 2 438 - კოვიდ-სასტუმროში, 7 469 - ბინაზე. საკარანტინო სივრცეში 3 094 ადამიანი იმყოფება. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 619–ს შეადგენს. მათგან 336 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 51 993 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 37 019 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 423 გარდაიცვალა.


