Accentnews.ge
კალაძე თბილისელებს მიმართავს:  "დღეს სოლიდარობა გვჭირდება"

კალაძე თბილისელებს მიმართავს:  "დღეს სოლიდარობა გვჭირდება"

06/11/2020 13:49:38 საზოგადოება

"ქაართული ოცნების" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მოსახლეობას მიმართავს, "საკუთარი და სხვისი სიცოცხლის მოსაფრთხილებლად სოლიდარობის ძალა აჩვენონ".

"პანდემია საერთო გამოწვევაა ყველასთვის – ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის, ხალხისა და ექიმებისთვის. პანდემია არის საფრთხე, რომელიც განურჩევლად სქესისა, ასაკისა, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა და პოლიტიკური შეხედულებებისა ყველას გვემუქრება. ამიტომ, პანდემიის წინააღმდეგ ყველა უნდა გავერთიანდეთ, სხვაგვარად ამ უხილავ და ვერაგ მტერს ვერ დავამარცხებთ. ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, დაიხურა მუნიციპალური საბავშვო ბაღები და სახელოვნებო სასწავლებლები, პარალელურად, თბილისის მერია განაგრძობს საჯარო ბაღებში პროდუქტების დარიგების პროცესს, როგორც ეს წინა თვეებში ხდებოდა და ბავშვები უზრუნველყოფილები იქნებიან საკვები რაციონით. ამასთან, განსაკუთრებული ზომებია მიღებული თბილისის ხალხმრავალი მეტროსადგურების ჩასასვლელებში. ამ რთულ კონტექსტში, მინდა, მივმართო თბილისელებს, ჩვენს მოსახლეობას, ვაჩვენოთ სოლიდარობის ის ძალა, რაც ამ ქალაქს ყოველთვის გამოარჩევს. დღეს სოლიდარობა გვჭირდება საკუთარი და სხვისი სიცოცხლის მოსაფრთხილებლად, ერთმანეთის ჯანმრთელობის დასაცავად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მან მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა:

"ვატაროთ პირბადეები, დავიცვათ სოციალური დისტანცია და ჰიგიენის ნორმები".

ოპოზიცია 8 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავს.

იხილეთ ასევე: პრემიერი – მინისტრებს: "აქციები კავშირშია ინფიცირების სწრაფ ზრდასთან, ახალ შეზღუდვებზე უნდა ვიფიქროთ"

ცნობისთვის: საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, თუმცა დამკვირვებლებმა რიგ დარღვევებზეც მიუთითეს:

„იყო ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები. შევამჩნიეთ, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ საარჩევნო უბნებთან, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა. ასევე იყო ბრალდებები, რომ სახელმწიფოსა და პარტიას შორის მკვეთრი გამიჯნვა არ ხდებოდა“.

საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.

გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში Covid-19-ით ავადობის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 560 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 51 993 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 37 019 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 423 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S