Accentnews.ge
"წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების კიდევ უფრო მეტი საჭიროებაა"

"წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების კიდევ უფრო მეტი საჭიროებაა"

06/11/2020 11:00:11 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრილეძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების კიდევ უფრო მეტი საჭიროებაა.

„ეპიდემიის განვითარების ამ ფონზე ევროპის ყველა ქვეყანამ დააწესა გარკვეული, ზოგან ძალიან მკაცრი, ზოგან შედარებით რბილი, წერტილოვანი შეზღუდვები. ამიტომ ჩვენც მივდევთ წერტილოვანი შეზღუდვების ამ ტაქტიკას, განსხვავებით გაზაფხულისგან, როდესაც იყო სრული ე.წ ლოკდაუნები. კიდევ უფრო მეტი საჭიროებაა წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების, რაზეც იმსჯელა დღეს კიდევ ერთხელ საკოორდინაციო საბჭომ და ვფიქრობ, იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები. მე კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ნებისმიერი, (იქნება ეს პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური) დიდი თავყრილობა პანდემიის მიმდინარეობის პროცესში წინააღმდეგ ჩვენებაა", – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, გამოხატვის თავისუფლება, თუმცა აქციებზე რეკომენდაციები აუცილებლად უნდა იყოს დაცული:

"უნდა შემოვიფარგლოთ, რომ აქციაზე დაცული იქნას დისტანცია, ყველას ჰქონდეს პირბადე".

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. ოპოზიცია თბილისში 8 ნოემბერს მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავს.

ცნობისთვის: გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში Covid-19-ით ავადობის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 560 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 51 993 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 37 019 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 423 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S