Accentnews.ge
ჯანდაცვის სამინისტრომ Covid-19–ის მართვაში დახმარებისთვის პენსიაზე გასულ მედიკოსებსაც მიმართა

ჯანდაცვის სამინისტრომ Covid-19–ის მართვაში დახმარებისთვის პენსიაზე გასულ მედიკოსებსაც მიმართა

06/11/2020 10:15:39 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ Covid-19–ის მართვაში დახმარებისთვის პენსიაზე გასულ მედიკოსებსაც მიმართა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჯანდაცვის სამინისტრო კვლავ მუშაობს იმასთან დაკავშირებით, რომ გაიზარდოს საწოლფონდის რაოდენობა და კლინიკების ჩართულობა "კოვიდის" მართვის პროცესში. თუმცა ყველზე საყურადღებოდ კვლავ რჩება ჩვენი ადამიანური რესურსი. ძალზედ მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალის მობილიზება. გავატარეთ არაერთი ღონისძიება, რომელიც პაციენტების მართვაში საკმაოდ გვეხმარება. აქ ვგულისხმობ გადამზადებულ სტუდენტებს. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პენსიონერი ექიმების ჩართულობა. ჩვენ სპეციალური ბაზების საშუალებით მოვიძიეთ მათი საკონტაქტო ინფორმაცია და მათი მხრიდანაც არის მზაობა. გარდა ამისა, მიმდინარეობს დამატებითი მობილიზება ყველა სხვა პროფილის ექიმების, რომლებიც ფლობენ შესაბამის უნარ–ჩვევებს და შეუძლიათ პაციენტების მართვა", – განაცხადა ტიკატრაძემ.

მოგვიანებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განმარტა, ვინ შეიძლება, ჩაერთოს "კოვიდის" მართვაში:

"მედპერსონალი, ვინც სადღეისოდ დასაქმებული არ არის, ან პენსიაზეა, მათ შეიძლება, მოეძებნოთ შესაბამისი საქმე. გასაგებია, რომ ასაკოვან ექიმებს რეანიმაციებში და ჰოსპიტლებში ვერ გამოვიყენებთ, თუმცა შეიძლება, გამოვიყენოთ "ქოლცენტრებში", პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, კოვიდ–სასტუმროებში. მაქსიმალურად უნდა იქნას მობილიზებული ჩვენი სამედიცინო სექტორი, იგივე სტომატოლოგები.. ბევრი მედიკოსია ქვეყანაში, ვისაც აქვს სამედიცინო განათლება, ნასწავლი აქვს საგნები და იცის ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ. მათი გამოყენება შეგვიძლია. გარდა ამისა, მე-5, მე-6 კურსის სტუდენტები, რომლებსაც ძირითადი კლინიკური საგნები გავლვილი აქვთ, თავისუფლად შეიძლება, ექიმის, ექთნის ასისტენტებად ვამუშავოთ ამ პერიოდში".

ცნობისთვის: გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში Covid-19-ით ავადობის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 560 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 51 993 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 37 019 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 423 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S