ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
06/11/2020 09:09:42 საზოგადოება
პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.
"ლაბორატორიიდან კორონავირუსზე დადებითი პასუხი მომივიდა. ამის გამო არ ვჩანდი ბოლო ორი დღე აქციებზეც და ტელევიზიებშიც. სამწუხაროდ, 8 ნოემბერსაც მომიწევს აქციის გამოტოვება. თუმცა რვაში მხოლოდ "იწყება" და აუცილებლად დაგეწევით რამდენიმე დღეში", - წერს ოქრუაშვილი.
შეგახსნებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. ოპოზიცია თბილისში 8 ნოემბერს მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავს.
ცნობისთვის: გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში Covid-19-ით ავადობის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 560 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 51 993 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 37 019 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 423 გარდაიცვალა.


