მეცნიერები: "ადამიანს რეინფიცირების შემთხვევაში COVID-19–ის დამარცხება უფრო ადვილად შეუძლია"
05/11/2020 20:14:20 მსოფლიო
როკფელერის უნივერსიტეტის მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კორონავირუსისგან განკურნებულ ადამიანს რეინფიცირების შემთხვევაში დაავადების დამარცხება უფრო ადვილად შეუძლია.
"კვლევების შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ კორონავირუსისგან განკურნებული ადამიანის იმუნური სისტემა არა მხოლოდ იმახსოვრებს ვირუსს, არამედ დამცავი ანტისხეულებიც ძლიერდება. თუ პირი კორონავირუსისგან ხელმეორედ დაინფიცირდება, ხსენებული ფაქტორები ორგანიზმს სწრაფი და ძლიერი შეტევის განხორციელების შესაძლებლობას აძლევს", – აცხადებენ როკფელერის უნივერსიტეტის მკვლევარები.
როგორც მეცნიერები განმარტავენ, კოვიდ–ინფიცირების შემთხვევაში ადამიანის იმუნური სისტემა ვირუსზე მრავალმხრივ შეტევას ახორციელებს:
"პირველ რიგში, ვირუსს T უჯრედები [ლიმფოციტარული სახეობის უჯრედი – რედ.] ებრძვიან. ისინი ინფიცირებულ უჯრედებს ეძებენ და ანადგურებენ და ამ გზით ვირუსის გავრცელებას ხელს უშლიან. შემდეგ ბრძოლაში B უჯრედები [სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც წარმოქმნიან ანტისხეულებს და იმუნოლოგიურ მეხსიერებას უწყობენ ხელს – რედ.] ერთვებიან. კორონავირუსისგან განკურნების შემდეგ იმუნური სისტემა დაქვეითებულია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მას დამახსოვრებული აქვს ვირუსი ე.წ. T და B მეხსიერების უჯრედებით. ამრიგად, როგორც კი პირი კორონავირუსით კვლავ დაინფიცირდება, ეს უჯრედები მყისიერ მოქმედებას იწყებენ".
ამასთან, მკვლევარები ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებენ, რომელიც ამ დრომდე ამოუხსნელია. კერძოდ, ჯერ–ჯერობით გაურკვეველია, რა ხნის განმავლობაში შეუძლია იმუნურ სისტემას, კორონავირუსი დაიმახსოვროს. ამერიკელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა, რამდენიმე წელიწადი იყოს.
ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 236 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულია 48 883 000–ზე მეტი ადამიანი, 34 906 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.


