Accentnews.ge
კოსოვოს პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

კოსოვოს პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

05/11/2020 14:22:44 მსოფლიო

ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი თანამდებობიდან გადადგა.

გადადგომის შესახებ ტაჩიმ მას შემდეგ განაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ ჰააგაში მოქმედმა სპეცპროკურატურამ დაადასტურა მის მიმართ ბრალდებები 1998-99 წლებში, ყოფილ იუგოსლავიაში შეიარაღებული კონფლიქტის დროს სამხედრო დანაშაულებში მონაწილეობის თაობაზე.

თავად ტაჩი ბრალდებებს უარყოფს.

პრეზიდენტის მოვალეობას, როგორც ვარაუდობენ, პარლამენტის თავმჯდომარე შეასრულებს.

მანამდე პრიშტინაში, ასევე ჰააგის სპეცპროკურატურის განაცხადის საფუძველზე, ევროკავშირის კანონიერების დაცვის მისიის უსაფრთხოების ძალების მხარდაჭერით დააკავეს კოსოვოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი იაკუპ კრასნიჩი.

სპეცპროკურატურამ მიმდინარე წლის ივნისში ტაჩის, ასევე კოსოვოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს კადრი ვესელისა და კიდევ რამდენიმე მოღვაწეს ბრალდებები წაუყენა.​ ისინი კოსოვოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს და შემდგომ პერიოდში 100-მდე ადამიანის მკვლელობასთან, ასევე გატაცებებთან, დევნასა და წამებასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. როგორც გამოძიებამ აღნიშნა, ხსენებული დანაშაულების მსხვერპლად სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები იქცნენ, მათ შორის – კოსოვოელი ალბანელები, სერბები, რომა. მსხვერპლთა სიაში შედიან პოლიტიკური ოპონენტებიც.

ტაჩი და ვესელი კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის (კოსოვოელი ალბანელების გასამხედროებული გაერთიანება, რომელიც 1990-იანების ბოლოს სამხედრო მეთოდებით იუგოსლავიისგან დამოუკიდებლობის მიღწევას ცდილობდა) ხელმძღვანელობაში შედიოდნენ. სერბული პოლიციისა და იუგოსლავური არმიის ოპერაციები ამბოხებულ პროვინციაში ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევით ტარდებოდა. 1999 წელს კონფლიქტში ნატო-ს ძალების ჩარევის შემდეგ ბელგრადმა კოსოვოს ტერიტორიაზე კონტროლი დაკარგა, ოლქში საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტი შეიყვანეს. 2008 წელს კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რომელიც შემდგომში საერთაშორისო თანამეგობრობის დაახლოებით 60%-მა აღიარა. კოსოვოს დამოუკიდებლობას, სერბეთის გარდა, არ სცნობენ რუსეთი, ჩინეთი, ასევე ევროკავშირის რიგი ქვეყნები, კერძოდ, ესპანეთი და სლოვაკეთი.

ცოტა ხნის წინ კოსოვომ და სერბეთმა აშშ-ის შუამავლობით მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც ბელგრადის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის ფორმალური აღიარების გარეშე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ითვალისწინებს.

ტაჩის წინააღმდეგ ბრალდებებს სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი შეისწავლის, რომელიც ნიდერლანდებში 2015 წელს ჩამოყალიბდა, თუმცა ფორმალურად კოსოვოს სამართლებრივი სისტემის ნაწილად ითვლება. საბაბად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე წლის წინანდელი მოხსენება იქცა, რომლის თანახმად, კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის წევრები 1990-იანების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში ნარკოვაჭრობაში, ადამიანთა გატაცებასა და მკვლელობაში, სხვა მძიმე დანაშაულებში იყვნენ ჩართულები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S