Accentnews.ge
"მესმის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი მიდის, თუმცა უპირველესი სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლებაა"

"მესმის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი მიდის, თუმცა უპირველესი სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლებაა"

05/11/2020 11:39:20 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ პირებს მოუწოდებს, კორონავირუსთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციები დაიცვან.

მისი თქმით, დიდი შეკრებები ინფექციის გავრცელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის შემცველია.

“მესმის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი მიდის და ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდა, მეორე ტურები იქნება. მაგრამ თხოვნა და მოწოდებაა თითოეული ადამიანისადმი, ვინც დღეს ამ პოლიტიკურ პროცესშია ჩართული: ადამიანის უფლებებიდან უპირველესი არის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება, ამიტომ ყველამ გავუწიოთ ამას ანგარიში", – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის: გუშინ ქვეყნის მასშტაბით შვიდი საპროტესტო აქცია გაიმართა: ოპოზიციონერი ლიდერები საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან შეიკრიბნენ თბილისის მასშტაბით – გლდანში, საბურთალოზე, სამგორში, ისანში, ხოლო რეგიონების მასშტაბით – ბოლნისში, ბათუმში და წყალტუბოში.

კომისიის წევრები შესაბამის უბნებზე დაწერილ საჩივრებს განიხილავდნენ. ოპოზიციონერი ლიდერები საჩივრების განხილვის პროცესზე დასწრებას ითხოვდნენ, თუმცა მათ ამის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევდნენ. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა ბათუმსა და თბილისში. ინციდენტის დროს აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა. დაკავებულია რამდენიმე დემონსტრანტი.

სრულიად ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს.

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 2 401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2 289.

უკანასკნელი მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 49218 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 33459 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 401 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S