ვენის ტერაქტის საქმეზე დაკავებულთა შორის რუსეთის მოქალაქეებიც არიან
05/11/2020 11:40:30 მსოფლიო
ვენაში განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ 14 პირია დაკავებული, - დაადასტურა ავსტრიის შს მინისტრმა კარლ ნეჰამერმა. ამასთან, მისი ინფორმაციით, ყველა დაკავებული ახალგაზრდაა – 18-დან 28 წლამდე ასაკის და ყველა მიგრაციული წარმომავლობის.
როგორც მინისტრმა დააზუსტა, დაკავებულთა ნაწილს ავსტრიის მოქალაქეობა არ ჰქონია, ნაწილს კი ორმაგი მოქალაქეობა აღმოაჩნდა, კერძოდ, ავსტრიულის გარდა, რუსეთის, თურქეთის, ბანგლადეშისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქეობას ფლობენ.
ვენის ტერაქტი
2 ნოემბერს ვენაში განხორციელებულ ტერაქტს 4 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 23 დაიჭრა, ზოგიერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
სროლა ვენის ისტორიულ ცენტრში, 6 ლოკაციაზე წარმოებდა, მათ შორის – სინაგოგის სიახლოვეს. ვარაუდობენ, რომ მსროლელი, რომელიც შეიარაღებული დაპირისპირებისას პოლიციამ მოკლა, უშუალოდ ტერაქტების დროს მარტო მოქმედებდა.
ვინ იყო ტერორისტი
ავსტრიის სამართალდამცველი უწყებების ინფორმაციით, ტერორისტი ჩრდილოეთ მაკედონიის 20 წლის მკვიდრი იყო, რომელსაც ორი – ავსტრიისა და მაკედონიის მოქალაქეობა გააჩნდა.
წარსულში იგი სირიაში ცდილობდა გასვლას “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში საბრძოლველად, თუმცა მაშინ დააკავეს და 2019 წლის 25 აპრილს ტერორისტული დაჯგუფების წევრობის ბრალდებით 22-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუცა იმავე წლის 5 დეკემბერს იგი ვადაზე ადრე, პირობით გაათავისუფლეს.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა დერადიკალიზაციის პროგრამაშიც მონაწილეობდა, თუმცა სასამართლო ორგანოების მოტყუება მოახერხა.


