ცქიტიშვილი განმარტავს, რა ტიპის ახალი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებას განიხილავს მთავრობა
05/11/2020 10:24:33 საზოგადოება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი განმარტავს, რა ტიპის ახალი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების საკითხს განიხილავს მთავრობა.
„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რა თქმა უნდა, მსჯელობს იმაზე, თუ რა დამატებითი ღონისძიებები და წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებაა შესაძლებელი, რათა გავუმკლავდეთ კორონავირუსის გავრცელებას. ეს შეიძლება, იყოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიება, მაგალითად, საღამოს საათებში, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა; შეიძლება, იყოს უქმე დღეებში, ან კვირის რომელიმე ერთ დღეს რიგ დასახლებებში ტრანსპორტის შეჩერება, სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ცენტრის ან ბაზრობების მუშაობის შეჩერება. ეს არის ყველა ისეთი ღონისძიება, რომელიც არის წერტილოვანი ხასიათის და გამოყენებული იქნება იქ და იმ დროს, რომლის აუცილებლობაც იქნება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის: ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 2 401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2 289.
უკანასკნელი მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 49218 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 33459 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 401 გარდაიცვალა.


