საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული აშშ-ის 44 შტატში გამოიკვეთა, რჩება გადამწყვეტი 6 შტატი
04/11/2020 21:14:23 მსოფლიო
აშშ-ში, სადაც 3 ნოემბრის საპრეზიენტო არჩევნების შემდეგ ხმათა დათვლის პროცესი მიმდინარეობს, ოთხშაბათის საღამოსთვის გამარჯვებული ფაქტობრივად გამოკვეთილი იყო 44 შტატში. დარჩენილ 6-ში კი ბრძოლა გრძელდება და საბოლოო გამარჯვებულს სწორედ ამ ბრძოლის შედეგი განსაზღვრავს.
არიზონაში, მიჩიგანსა და ნევადაში დემოკრატების კანდიდატი ჯო ბაიდენი, ოთხშაბათის საღამოს მდგომარეობით, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მცირედით უსწრებდა.
ტრამპი ლიდერობს ჩრდილოეთ კაროლინაში, ჯორჯიასა და პენსილვანიაში. ამ შტატებში მან გაიმარჯვა 2016 წელსაც. ამასთან, პენსილვანია 1992 წლიდან ტრადიციულად, დემოკრატებს უჭერდა მხარს.
წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის მეტოქემ ჰილარი ქლინთონმა 6 შტატიდან გამარჯვება მხოლოდ ნევადაში მოიპოვა, სადაც რესპუბლიკელების კანდიდატს დაახლოებით 2%-ით გადაუსწრო.
მანამდე, ოთხშაბათს მედია ხმების დათვლის შედეგების საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ ბაიდენი ვისკონსინის შტატში იმარჯვებს. მისი უპირატესობა აქ 1%-ზე ნაკლებია. თუმცა ტრამპის კამპანიამ უკვე განაცხადა, რომ ამ შტატში ხმების ხელახალი დათვლის მოთხოვნას დააყენებს.
ხმის მიცემის ძირითადი დღე 3 ნოემბერი იყო, თუმცა ამომრჩეველთა რეკორდულმა რაოდენობამ წინმსწრებად მისცა ხმა.
ბოლო მონაცემებით, ბაიდენს ამჟამად წარმომადგენლების 237 ხმა აქვს, ტრამპს - 213. გამარჯვებისთვის კანდიდატმა წარმომადგენლების 270 ხმა უნდა მოაგროვოს. თუ კანდიდატები შეინარჩუნებენ ლიდერობას იმ შტატებში, რომლებშიც ახლა ლიდერობენ, ბაიდენის შანსები უფრო მაღალია.
Associated Press-ის ცნობით, დემოკრატიული პარტიის კანდიდატს ამ არჩევნებზე ამომრჩეველთა რეკორდულმა რაოდენობამ – დაახლოებით 70 მლნ-მა მოქალაქემ მისცა ხმა. ეს მეტია, ვიდრე 2008 წელს წინა რეკორდესმენმა – ბარაქ ობამამ მიიღო.


