აშშ-მა კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმება საბოლოოდ დატოვა
04/11/2020 16:12:21 მსოფლიო
აშშ-მა დღეს კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან გასვლის პროცესი დაასრულა.
ხსენებული დოკუმენტიდან გასვლის შესახებ ბრძანებულებას 2017 წლის ზაფხულში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწერა ხელი, 2019 წლის ნოემბერში კი ვაშინგტონმა გაერო-ს პროცედურის დაწყების შესახებ ოფიციალურად აცნობა.
პარიზის შეთანხმებიდან გასვლა 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ტრამპის ერთ-ერთი დაპირება იყო. მისი აზრით, ამ შეთანხმებაში მონაწილეობა ამერიკული ეკონომიკისთვის არ იყო ხელსაყრელი და ქვეყანას სამუშაო ადგილების დაკარგვას, ხელფასების შემცირებას, ფაბრიკების დახურვასა და მთლიანობაში ამერიკელთა ცხოვრების დონის დაქვეითებას უქადდა.
პარიზის შეთანხმება 2015 წლის დეკემბერში გაფორმდა, მას 197-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი. დოკუმენტის მიზანს 2100 წლისთვის პლანეტაზე საშუალო ტემპერატურის 2 გრადუსზე (ცელსიუსის სისტემით) მეტად მატების არდაშვება წარმოადგენდა ინდუსტრიულ ეპოქამდელ მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც XIX საუკუნეში დასრულდა. შეთანხმება ძალაში 2016 წლის 4 ნოემბერს შევიდა. მისი დატოვების უფლება პირველი სამი წლის განმავლობაში არც ერთ წევრ ქვეყანას არ აქვს.
აშშ პირველი სახელმწიფოა, რომელიც შეთანხმებას ტოვებს. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, არ არის გამორიცხული, ამერიკა შეთანხმების პირობების შესრულებას დაუბრუნდეს, თუკი პირობები ვაშინგტონისთვის უფრო მისაღები გახდება.


