გამყრელიძე განმარტავს, როდის უნდა გადავიდეს ადამიანი თვითიზოლაციაში
04/11/2020 14:09:55 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, როდის უნდა გადავიდეს ადამიანი თვითიზოლაციაში.
"მნიშვნელოვანია, გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე მოქალაქემ ექიმთან კონსულტაცია გაიაროს, რათა დადასტურდეს, მას Covid-19 აქვს, თუ სხვა რესპირატორული ვირუსი. თუ დადასტურდა, რომ ადამიანს აქვს კორონავირუსი, იგი დაუყოვნებლივ უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში, დარეკოს 112-ზე, ან დაუკავშირდეს თავის ოჯახის ექიმს და შემდგომი ნაბიჯები მასთან კონსულტაციით გადადგას. გარდა ამისა, თუ ოჯახის წევრი ან თანამშრომელი არის კოვიდ–ინფიცირებულის ახლო კონტაქტი, რომელსაც პირბადით დაუცველი კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან, აუცილებელია, ისიც ყოველგვარი ტესტირების გარეშე გადავიდეს თვითიზოლაციაში, მიმართოს ოჯახის ექიმს ან 112-ს და შემდგომი ნაბიჯები გადადგას მათი რეკომენდაციებით", – განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის: ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 2295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 19 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2537 ადამიანი.
უკანასკნელი მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 46 817 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 31 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 381 გარდაიცვალა.


