ამირან გამყრელიძე მედიკოსებს აფრთხილებს
04/11/2020 14:06:36 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მედიკოსებს მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ ქვეყანაში მედპერსონალის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა.
„მინდა, მივმართო ჩემს კოლეგებს, მეტი სიფრთხილით იყვნენ. სამედიცინო პერსონალში ინფიცირების შემთხვევებმა კვლავ მოიმატა. დილის მონაცემებით, 209 შემთხვევა გვაქვს. თითოეული სამედიცინო პერსონალი აკლდება ავადმყოფების მოვლას. ჩვენმა კოლეგებმა რეკომენდაციები მეტად უნდა დაიცვან", - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი დაახლოებით 6%-ია.
ცნობისთვის: ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 2295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 19 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2537 ადამიანი.
უკანასკნელი მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 46 817 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 31 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 381 გარდაიცვალა.


