Accentnews.ge
"ტვიტერმა" ტრამპის "პოსტი", რომელშიც ოპონენტებს ხმების მოპარვაში ადანაშაულებდა, პლატფორმიდან დამალა

"ტვიტერმა" ტრამპის "პოსტი", რომელშიც ოპონენტებს ხმების მოპარვაში ადანაშაულებდა, პლატფორმიდან დამალა

04/11/2020 08:04:37 მსოფლიო

"ტვიტერმა" "დამალა" აშშ–ის მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის "პოსტი", რომელშიც იგი ოპონენტებს ხმების მოპარვაში ადანაშაულებდა.

როგორც "ტვიტერის" ადმინისტრაციაში განმარტეს, კომპანია პრეზიდენტის "პოსტს" საზოგადოების შეცდომაში შეყვანის შესაძლო მცდელობად მიიჩნევს.

"ისინი ცდილობენ, მოიპარონ არჩევნები. ჩვენ არასდროს დავუშვებთ, რომ მათ ეს გააკეთონ!“ – წერდა დონალდ ტრამპი „ტვიტერში“ პირად გვერდზე.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში "დემოკრატიული პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატი, ობამას ადმინისტრაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ლიდერობს.

თბილისის დროით 12:06 საათისთვის ჯო ბაინდენს ამომრჩეველთა კოლეგიის 220 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს (კანდიდატი "რესპუბლიკური პარტიიდან") – 213.

აშშ-ის საარჩევნო სისტემა

აშშ-ის საარჩევნო სისტემას მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ანალოგი არ აქვს: მოსახლეობა პრეზიდენტს პირდაპირი წესით არ ირჩევს, რეალურად, ის ირჩევს ამომრჩეველთა კოლეგიას, რომელიც შემდეგ პრეზიდენტს აირჩევს. არჩევნებში გამარჯვებულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც კოლეგიის, სულ მცირე, 270 წევრის მხარდაჭერას მოიპოვებს.

კოლეგია 538 წევრისგან - შტატების წარმომადგენლებისგან შედგება. თითოეულ შტატს მასში იმდენი წარმომადგენელი ჰყავს, რამდენიც კონგრესში. წევრების რაოდენობა სხვადასხვა შტატში განსხვავებულია (განსაზღვრულია შტატის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით).

როდის გახდება ცნობილი არჩევნების შედეგები?

არჩევნების შედგების გაგებას შესაძლოა, დღეები ან რამდენიმე კვირა დასჭირდეს, რადგან წელს პანდემიის გამო ამომრჩევლები ფოსტით ხმის მიცემის უფლებითაც სარგებლობენ, რაც შედეგების დათვლას სავარაუდოდ, გააჭიანურებს.

აღსანიშნავია, რომ ხმის წინასწარ მიცემის შესაძლებლობით დაახლოებით 95-მა მილიონმა ამომრჩეველმა ისარგებლა.

როდის იწყებს ახალი პრეზიდენტი უფლებამოსილების შესრულებას?

არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი ფიცს 20 იანვარს დადებს. ამ დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება.

როგორც წესი, ინაუგურაცია კაპიტოლიუმის კიბეზე ტარდება. შემდეგ პრეზიდენტი უფლებამოსილების შესრულებას იწყებს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტს ოთხი წლის ვადით ირჩევენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S