ხვალიდან თბილისში საბავშვო ბაღები იხურება
04/11/2020 07:10:29 საზოგადოება
ხვალიდან თბილისში საბავშვო ბაღები დაიხურება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ხვალიდან თბილისის მასშტაბით არსებული საბავშვო ბაღები დროებით - ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებამდე დაიხუროს“, – განაცხადა მერმა.
დღეიდან კი საქართველოში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა:
- პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა
- რესტორნებს 22:00 საათის შემდეგ მუშაობა საქართველოს მასშტაბით აეკრძალათ.
მოქალაქეები, რომლებიც ღია და დახურულ სივრცეებში პირბადეს არ გამოიყენებენ, 20 ლარით დაჯარიმდებიან. რესტორნებისთვის დაწესებული შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარს შეადგენს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 2295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 19 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2537.
უკანასკნელი მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 46 817 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 31 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 381 გარდაიცვალა.


