ვენის ტერაქტს 4 ადამიანი ემსხვერპლა, 23 მოქალაქე დაჭრილია, დაკავებულია 14 პირი
03/11/2020 19:34:44 მსოფლიო
ავსტრიის პოლიციამ 18 მისამართზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 14 პირი დააკავა. ტერორისტების სავარაუდო საცხოვრებელი მისამართებისა და სხვა საეჭვო ადგილების შემოწმების მასირებულ ოპერაციას ერთ-ერთი თავდამსხმელის იდენტიფიცირება უძღოდა წინ. ეს უკანასკნელი «დარწმუნებული ჯიჰადისტია», რომელმაც ოთხი მოქალაქე მოკლა, - იუწყება “Reuters”.
მსროლელი, რომლის ლიკვიდაცია პოლიციამ ბარში მყოფებზე თავდასხმიდან რამდენიმე წუთში მოახერხა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ციხიდან ერთი წლის წინ გამოვიდა.
თავდასხმას ხანდაზმული მამაკაცი და ქალი, ოფიციანტი და ახალგაზრდა გამვლელი ემსხვერპლნენ. 22-მა რიგითმა მოქალაქემ და ერთმა პოლიციელმა სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები მიიღეს, - განაცხადა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ავსტრიის შს მინისტრმა კარლ ნეჰამერმა და დასძინა, რომ დაჭრილთაგან სამი ამ დროისთვის კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
არსებობდა თუ არა მეორე თავდამსხმელი, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, გაიქცა და ამჟამად მიმალვაშია, თუ თავდასხმა მხოლოდ იმ პირმა განახორციელა, რომელიც პოლიციის მიერ იქნა ლიკვიდირებული, ამ დროისთვის დანამდვილებით ცნობილი არ არის.
ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა და განაცხადა: «ეს არ არის კონფლიქტი ქრისტიანებსა და მუსლიმებს ან ავსტრიელებსა და მიგრანტებს შორის. ეს არის ბრძოლა მშვიდობასთან - მცირერიცხოვანი ძალების ბრძოლა იმ უამრავ ადამიანთან, რომელსაც სჯერა მშვიდობის. ეს არის ბრძოლა ცივილიზაციასა და ბარბაროსობას შორის».
ვენის ტერაქტებს წინ უძღოდა ისლამისტების თავდასხმები ნიცასა და პარიზში. ამ უკანასკნელთა მიზეზი სატირულ გამოცემა “შარლი ებდოში” წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნების გამო ზოგიერთი მუსლიმის განრისხება იყო.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში ავსტრიის საელჩო მოინახულა და გერმანულ ენაზე მიუსამძიმრა: «ჭირსა და ლხინში ერთად დავრჩებით». მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სებასტიან კურცს დახმარება შესთავაზეს.
დღეს, დღის განმავლობაში ვენის ცენტრი დაცარიელებული იყო, ბევრი მაღაზია არ ფუნქციონირებდა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის სამართალდამცველ ორგანოებს ეეჭვებათ, ქალაქში თავდასხმის მონაწილეები რჩებოდნენ.


