იტალია შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს
03/11/2020 18:49:05 მსოფლიო
იტალია პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრებას გეგმავს. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სანდრა ზამპამ განაცხადა, მთავრობა "მსუბუქი ლოქდაუნის" შემოღებას აპირებს, რათა ქვეყნის ხელმეორედ ჩაკეტვა აიცილოს თავიდან.
"განიხილება საგანგებო მდგომარეობის შემოღების საკითხი იმ რეგიონებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატებაა. გარდა ამისა, შესაძლოა, ქვეყანაში 21:00 სთ-ის შემდეგ "კომენდანტის საათი" დაწესდეს, დაიხუროს სავაჭრო ცენტრები შაბათ–კვირას და დაიკეტოს მუზეუმები", – განაცხადა ზამპამ.
შეგახსენებთ, რომ იტალიაში 26 ოქტომბრიდან შემდეგი შეზღუდვები მოქმედებს:
- ბარები, რესტორნები და კვების ობიექტები ადგილობრივი დროით 18:00 სთ–მდე მუშაობენ. ერთ მაგიდასთან 4–ზე მეტი ადამიანის განთავსება აკრძალულია;
- სპორტული დარბაზები, საცურაო აუზები, თეატრები, კინოთეატრები, საკონცერტო დარბაზები, ბინგო-დარბაზები, კაზინოები და სილამაზის ცენტრები დახურულია;
ხსენებული შეზღუდვები 24 ნოემბრამდე იმოქმედებს.
ბოლო რამდენიმე დღეა, იტალიაში Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 26 000–ს აჭარბებს.
უკანასკნელი მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 759 829 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 302 275 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 39 412 გარდაიცვალა.


