«პატრიოტთა ალიანსი»: მიზანი – იგივე, მიღწევის გზა – იგივე, მაგრამ «სხვა»?

03-11-2020 16:40:13 პოლიტიკა ,ინტერვიუ

3 ნოემბრის მდგომარეობით, საარჩევნო ბარიერგადალახული 9 პარტიიდან 7-მა საერთო საპროტესტო შეთანხმება გააფორმა და მე-10 მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარი თქვა. არჩევნების შედეგებს „გაყალბებული“ უწოდეს საარჩევნო ბარიერგადალახულ მე-8 პარტიაში – „პატრიოტთა ალიანსშიც“, თუმცა მისი სამოქმედო გეგმა ჯერ არ განსაჯაროებულა. დეტალების გარკვევის მიზნით „აქცენტი“ პარტიის პროპორციული საარჩევნო სიის წევრ გოჩა თევდორაძეს ესაუბრა, რომელსაც ცსკ–ის წინასწარი მონაცემებით, მე-10 მოწვევის პარლამენტში „პატრიოტების“ 4 სადეპუტატო მანდატიდან ერთი ეკუთვნის.

ცნობილია თქვენი პარტიის პოზიცია – „არჩევნები ტოტალურად გაყალბდაო“. ბრძოლის გაგრძელების რაციონალურ გზად რომელი გესახებათ: პარლამენტში შესვლა, თუ ქუჩაში დარჩენა და საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნების“ მარტოდ დატოვება?

ვფიქრობთ, რომ არ შეიძლება, ქვეყანაში გაყალბებული არჩევნები დაკანონდეს. ამიტომ პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ „ქართული ოცნება“ დარჩება. „ქართული ოცნების“ მესვეურები თუ მისი მომხრე კონსტიტუციონალისტები ხშირად იმეორებენ, რომ 76 დეპუტატს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა შეუძლია, მაგრამ ისინი კონსტიტუციის 38–ე მუხლზე არ ამახვილებენ ყურადღებას: 76 კაცს შეუძლია 100 ან მეტი დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა, 00 ან მეტი დეპუტატი კი მეათე მოწვევის პარლამენტში არ გროვდება („ქართულმა ოცნებამ“ ყველა მაჟორიტარულ [30–დან 14 მოგებული აქვს და 16–ში მეორე ტურები ინიშნება] ოლქში რომ გაიფორმოს გამარჯვება, 91 დეპუტატზე მეტი ვერ ეყოლება – ოპოზიციური სპექტრი ხომ პარლამენტში შესვლას არ აპირებს! თუ იმას გვეტყვიან, რომ კანონი ცალსახად არ განმარტავს, გვაქვს თუ არა ჩვენ პარლამენტში არშესვლის უფლება, „მაინც დაგარეგისტრირებთ დეპუტატადო“ – პარლამენტი საჯარო სამსახურია, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში კი ნათლად წერია, რომ „არავის აქვს უფლება, ადამიანი თავისი ნების წინააღმდეგ დაასაქმოს“. ამრიგად, მე თუ იმ პარლამენტში შესვლა არ მინდა, ჩემს უფლებამოსილებას როგორ სცნობენ?!). არ მინდა, ამ გაყალბებული პარლამენტის წევრი თუნდაც ერთი საათით გავხდე! არ მინდა, ჩემმა შვილმა, შვილიშვილმა, მომავალმა თაობამ ნახოს, რომ შევედი პარლამენტში, რომელიც გაყალბებით შედგა და ვინ იქნება ჩვენი იძულებით შემყვანი?! იგივე აზრზეა ოპოზიციური სპექტრი და ეს პარლამენტი ვერ შედგება! შესაბამისად, „ქართული ოცნება“ მარტოდ ვერ დარჩება და მათ ტყუილად აქვთ იმედი – „ვიქნებით და ვიქნებითო“. გარდა ამისა, წარმოიდგინეთ, 91–კაციანმა პარლამენტმა როგორ უნდა იარსებოს, როდესაც მას ყველა კანონის მიღება არ შეუძლია?! და თუ პარლამენტს კანონის მიღება არ შეუძლია, ცხადია, ის უფუნქციოა!

ანუ, თუ სწორად გავიგე, საერთო ოპოზიციურ სულისკვეთებას იზიარებთ?

კი არ ვიზიარებთ, ამ აზრზე ვართ და ეს განვაცხადეთ კიდეც. ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიაში დამოუკიდებლად ვიყავით წარმოდგენილები, ასევე დამოუკიდებლად ვეცდებით საარჩევნო ხმების დაცვას, გაყალბებული არჩევნების ბათილად ცნობის მიღწევას და თუ სხვა ოპოზიციური პარტიების მოთხოვნები იგივეა, ეს არა ჩვენი, არამედ ხელისუფლების არჩევანი იყო: ხელისუფლებამ გააკეთა ის, რომ საქართველოში ყველა პარტია და მოქალაქეთა დიდი ნაწილი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს.

გასაგებია, მაგრამ სხვა საკითებთან მიმართებაში აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ოპოზიციურ პარტიებს შორის პოზიციათა თანხვედრაა. არ ფიქრობთ, რომ სჯობს, ამ მიმართულებით მოიძებნოს კომპრომისი და ძალები გაერთიანდეს?

არ სჯობს. იცით, რომ იმ ფლანგზე წამყვანი „ნაციონალური მოძრაობაა“ და მასთანაა დაკავშირებული სხვა პოლიტიკური ძალები: ენმ, „გირჩი“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“ – ყველა ეს პარტია ნათელაშვილის [„ლეიბორისტების» ლიდერი] ოფისში შეკრებილი და არჩევნებში ერთად მებრძოლი ხომ ვნახეთ?

მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება გააუქმა, ამ ერთობამ, იგივე მეტად პროპორციული სისტემის ნაწილში შედეგი გამოიღო...

რა შედეგი გამოიღო - ეს სხვაა... „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ჩვენი დამოკიდებულება ყველამ იცის.

ანუ ოპოზიციურ შეთანხმებას არ უერთდებით?

ამ გაერთიანებაში ვერ და არც ვიქნებით, მაგრამ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იმ ქაღალდს [ოპოზიციური შეთანხმების] მოვაწერდით ხელს თუ არა, მოთხოვნები იგივეა – გაყალბებული არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა. და რაც მეტი პარტია მოითხოვს არჩევნების ბათილობას, მით უკეთესი. ჩვენ ამ ბრძოლაში დამოუკიდებლები ვიქნებით, გაერთიანება საჭირო არ იქნება და რაც მეტი ადამიანი მოითხოვს ამას [არჩევნების შედეგების ბათილობას], იქნებ ხელისუფლებაც მოეგოს გონს და სამართლიანი არჩევნები მართლაც ჩაატაროს.

ანუ, ხელისუფლებაზე წნეხი სხვადასხვა ლოკაციებიდან იქნება...

დიახ. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, სხვას - თავისი... 7 ნოემბერს აქცია გვაქვს დაგეგმილი [რედ. 8 ნოემბერს დანარჩენი პარტიები გეგმავენ აქციას].

მიზანი - ერთი...

ხელისუფლებამ მიგვიყვანა იმ მიზნამდე, რომ ეს არჩევნები გასაბათილებელია.

და ბოლოს, დეპუტატის ხელფასზეც უარს იტყვით?

როდესაც განცხადებას დავწერ, „დეპუტატობა არ მინდაო“, ვერც დამარეგისტრირებენ და ეს ავტომატურად გულისხმობს ხელფასზე უარის თქმას. არ ვაპირებთ, ისე მოვიქცეთ, როგორც თავის დროზე – „ლეიბორისტები“: არ ვაპირებთ, დეპუტატი გვერქვას, ხელფასი ავიღოთ და თან პარლამენტში არ ვიყოთ – ეს ბოიკოტი არ იქნება. ჩვენ არ ვცნობთ ამ პარლამენტს, არ ვაპირებთ შესვლას და არც ფინანსური სარგებლის მიღებას!

ახალი ამბები

სხვა სიახლეები