"პოლიტიკურ პროცესს ვერავინ აკრძალავს, თუმცა ყველამ კეთილი ვინებოთ და დავიცვათ წესები"
03/11/2020 10:06:48 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესს ვერავინ აკრძალავს, თუმცა ყველამ უნდა დაიცვას რეკომენდაციები.
"ვირუსმა არ იცის აქცია და სხვა ტიპის შეკრება. ვირუსისთვის ყველა ერთი და იგივეა. უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე. პოლიტიკურ პროცესს ვერავინ აკრძალავს და გააჩერებს ამ ქვეყანაში, თუმცა კეთილი ვინებოთ ყველამ და დავიცვათ პირბადის ტარებისა და დისტანციის წესები",- განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის: 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით საარჩევნო ბარიერგადალახულმა შვიდმა პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები") ცსკ–ის მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგები არალეგიტიმურად გამოაცხადა და უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, უნდა მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და დაინიშნოს ახალი არჩევნები. ამ მოთხოვნით ყოველდღიურ რეჟიმში აქციების გამართვაა დაგეგმილი.
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 1 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 20 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1 833.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 44 522 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 28 633 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 362 გარდაიცვალა.


