22:00 საათის შემდეგ მუშაობა საქართველოში ყველა რესტორანს აეკრძალება
03/11/2020 09:12:58 საზოგადოება
რესტორნებს 22:00 საათის შემდეგ მუშაობა საქართველოს მასშტაბით აეკრძალებათ. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„თბილისში, ქუთაისში, მცხეთაში და ბათუმში ეს შეზღუდვა უკვე მოქმედებდა, იმის გათვალისწინებით კი, რომ იქ გამართული ღონისძიებებისა და წვეულებების დროს შეინიშნა ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი, მივიღეთ გადაწყვეტილება, რესტორნებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 22:00 საათამდე იმუშავონ. ამასთან, მინდა, შევახსენო მოსახლეობას, რომ სადღეისოდ შეზღუდულია იმგვარი სოციალური ღონისძიებებისა და წვეულებების (სუფრების) გამართვა, როგორიც არის ქორწილები, ქელეხები, დაბადების დღეები, ნათლობები და სხვა. სტუმრების რაოდენობა შეზღუდულია 10 კაცამდე. გთხოვთ, დავიცვათ ეს შეზღუდვა“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის: გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 1 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 20 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1 833 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 44 522 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 28 633 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 362 გარდაიცვალა.


