საქართველოში პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება
03/11/2020 09:08:27 საზოგადოება
საქართველოში პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება. შესაბამისი გადაწყვვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, აღნიშნული შეზღუდვის დაწესება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, პირბადეების ტარება არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეშიც სავალდებულო იყოს“, - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ხვალიდან მოქალაქეები, რომლებიც ღია და დახურულ სივრცეებში პირბადეს არ გამოიყენებენ, 20 ლარით დაჯარიმდებიან.
ცნობისთვის: გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 1 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 20 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1 833 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 44 522 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 28 633 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 362 გარდაიცვალა.


