გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ ლუკაშენკოს რეჟიმის მოქმედებას მხარი დაუჭირა
02/11/2020 23:05:49 მსოფლიო
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ დადებითი შეფასება მისცა ბელარუსის ხელისუფლების ძალისხმევას ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით.
ბელარუსის დელეგაციამ საბჭოს წევრებს პერიოდული მოხსენება წარუდგინა, რომლის წარდგენა ყველა წევრ-სახელმწიფოს 5 წელიწადში ერთხელ ევალება.
მოხსენების განხილვის მსვლელობა შეაფასა არასამთავრობო უფლებადამცველმა ორგანიზაცია UN Watch-მა, რომელიც 1993 წელს გაერო-ს უფლებადამცველი ორგანოების გადაწყვეტილებების ამ უმსხვილესი საერთაშორისო ფორუმის წესდებასთან შესაბამისობის შესამოწმებლად დაფუძნდა (UN Watch, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, ფლობს სპეციალურ კონსულტატიურ სტატუსს გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში და გააჩნია გაერო-ს საზოგადოებრივი ინფორმაციის დეპარტამენტის ასოცირებული წევრობა).
UN Watch-ის მონაცემებით, საბჭოს 92 წევრი სახელმწიფოდან 51-მა (55%-მა) ადამიანის უფლებათა სფეროში ბელარუსის მიღწევები დადებითად შეაფასა.
ლუკაშენკოს რეჟიმის მოქმედების გამამართლებელთა შორისაა 36 სახელმწიფო, რომელიც ტრადიციულად მხარს უჭერს რეპრესიულ რეჟიმებს, ასევე 15 ქვეყანა, რომელმაც შესაძლებლად ჩათვალა, დადებითი შეფასება მიეცა ბელარუსის ხელისუფლების ზოგიერთი მიღწევისთვის.
«იმ დროს, როდესაც ლუკაშენკოს რეჟიმი ხისტად ახშობს სახალხო პროტესტს, ქუჩებში ქალებს ცემს და ყველა ოპოზიციონერ ლიდერს აპატიმრებს ან ქვეყნის დატოვებას აიძულებს, გაერო-ს უმაღლესი უფლებადამცველი ორგანო არ უნდა იქცეს მჩაგვრელთა ყალბი ქების მონაწილედ», - განაცხადა ჟენევაში ბაზირებული დამოუკიდებელი უფლებადამცველი ორგანიზაცია UN Watch-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰილელ ნოიერმა.
მიუხედავად ამისა, იგი მიესალმა იმ ფაქტს, რომ სულ მცირე, 41-მა ქვეყანამ, ისარგებლა რა მოკლე გამოსვლის უფლებით, ბელარუსში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარების რეალური შეფასება დააფიქსირა.


