ქაბულის უნივერსიტეტის სტუდქალაქზე თავდასხმას სულ მცირე, 24 ადამიანი ემსხვერპლა
02/11/2020 22:44:16 მსოფლიო
ქაბულის უნივერსიტეტის სტუდქალაქზე თავდასხმას სულ მცირე, 24 ადამიანი ემსხვერპლა, - იუწყება უცხოური მედია.
თავდასხმა დაახლოებით იმ დროს დაიწყო, როცა სტუდქალაქში სამთავრობო ჩინოსნების ჯგუფს ელოდნენ ირანული კულტურის გამოფენაზე დასასწრებად.
უსაფრთხოების ძალების სამხედროებმა შეიარაღებულ დაპირისპირებაში სამი თავდამსხმელი მოკლეს, - იუწყება BBC.
თავდასხმიდან რამდენიმე საათში “ტელეგრამში” გაჩნდა “პოსტი”, რომლითაც “ისლამურმა სახელმწიფომ” მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო და განმარტა, რომ სამიზნეს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები – მომავალი მოსამართლეები და გამომძიებლები წარმოადგენდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ “ისლამური სახელმწიფოს” რაზმები ავღანეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებს საკმაოდ ხშირად ესხმიან თავს. ოქტომბერში ქაბულში საგანმანათლებლო ცენტრზე თავდასხმას 24 ადამიანი ემსხვერპლა. 2018 წელს ქაბულის უნივერსიტეტზე “ისლამური სახელმწიფოს” თავდასხმის შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა.


