გამყრელიძე განმარტავს, რატომ არის აუცილებელი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა რისკჯგუფებში შემავალმა პირებმა 20 ნოებრამდე აიცრან
02/11/2020 12:25:31 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე რისკჯგუფებში შემავალ პირებს მოუწოდებს, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა 20 ნოემბრამდე გაიკეთონ.
"რესპირაციული ვირუსების სეზონი ნოემბერშია. შესაბამისად, გრიპის ვირუსი მალე გამოჩნდება და თანდათანობით გვექნება მისი და ახალი კორონავირუსული ინფექციის ზედდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის დროულ ვაქცინაციას გრიპის საწინააღმდეგოდ. ჩვენთან წელს სახელმწიფომ 2,5-ჯერ მეტი ვაქცინა შეიძინა, ვიდრე შარშან და უკვე ორ კვირაზე მეტია, აცრები უკეთდება მაღალ რისკჯგუფებს. სამწუხაროდ, მიმართვიანობა არცთუ მაღალია. პირველი 25 ათასი დოზა ვაქცინა ორი კვირის წინ განაწილდა პოლიკლინიკებში და დღევანდელი რიცხვით, მხოლოდ 14 ათასი ადამიანია აცრილი, რაც ძალიან მცირეა. გრიპის ვაქცინა ძირითადად მაღალი რისკჯგუფებისთვისაა განსაზღვრული – ესენია ორსულები, ბაღების აღმზრდელები, ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები და მათი მომვლელები, მოხუცთა სახლებში მყოფი ადამიანები და მათი მომვლელები, 65 წელს ზემოთ ხანდაზმულები, რომელთაც აქვთ გულის, ფილტვის და სხვა ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი, ასევე სამედიცინო პერსონალი. არის რისკჯუფების დიდი ჩამონათვალი, რომელსაც სახელმწიფოს ხარჯზე უფასოდ ეკუთვნის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. უმორჩილესად ვთხოვ მოსახლეობას, გაამახვილოს ყურადღება ამ საკითხზე და მიმართონ თავიანთ პოლიკლინიკებს. განსაკუთრებით ვთხოვ ორსულ ქალბატონებს, რადგან გრიპის ვირუსი შერჩევით და არჩევით ერჩის ორსულ ქალბატონებს. ამიტომ გთხოვთ უმორჩილესად, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის კულტურა ორსულებში გავზარდოთ“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ყველა პოლიკლინიკაში, რომლებშიც ვაქცინაციის კაბინეტებია, შესაბამისი აცრის გაკეთება დღეიდან არის შესახლებელი.
ამირან გამყრელიძე რისკჯგუფებში შემავალ პირებს მიმართავს თხოვნით, ნოემბრის განმავლობაში, განსაკუთრებით 20 რიცხვამდე აიცრან, რადგან ვაქცინაციის მომენტიდან იმუნიტეტის გამომუშავებას 10-14 დღე სჭირდება, ვირუსი კი ცირკულირებას ნოემბრის მეორე ნახევარში, ნოემბრის ბოლოს დაიწყებს და მისი პიკი დეკემბერში იქნება.


