გახარია, თურნავა და მეზვრიშვილი თვითიზოლაციაში იმყოფებიან
02/11/2020 07:39:14 საზოგადოება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თვითიზოლაციაში იმყოფება, - იუწყება ეკონომიკის სამინისტრო.
„კოვიდინფიცირებულთან მჭიდრო კონტაქტის გამო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თვითიზოლაციაში გადავიდა. ამ ეტაპისთვის, მას არ აღენიშნება კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი და თავს კარგად გრძნობს“ - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
თვითიზოლაციაში გადავიდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და მთავრობის მეთაური გიორგი გახარიაც. როგორც ცნობილია, კორონავირუსი პრემიერის დაცვის სამსახურის წევრს დაუდასტურდა.
გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრსაც.
ცნობისთვის: გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1696 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 42 579 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 342 პაციენტი გარდაიცვალა, 26 800 გამოჯანმრთელდა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 2 977 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 293, კოვიდ–სასტუმროებში – 2236, თვითიზოლაციაში – 29 876.


